სტომატოლოგის ასისტენტის პროფესიული განათლების პროგრამა დამტკიცდა

2018 წლის 26 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს სხვადასხვა პროფესიული სტანდარტები, მათ შორის “სტომატოლოგის ასისტენტის” პროფესიული განათლების პროგრამა. საბჭოს წევრებმა დადებითი შეფასება მისცეს განსახილველად წარმოდგენილ დოკუმენტებს საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პროექტის დამტკიცებას.

სტომატოლოგის ასისტენტის სპეციალიზაციით – პირს შეეძლება კბილებისა და პირის ღრუს დაავადებების, დაზიანებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში დახმარება გაუწიოს თერაპევტ სტომატოლოგს, ორთოპედს, ორთოდონტს, ყბა-სახის ქირურგს, პირის ღრუს ჰიგიენისტს, დამოუკიდებლად განახორციელოს პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების, დანადგარ-მოწყობილობის წმენდა, დეზინფექცია-სტერილიზაცია. დამოუკიდებლად გადაიღოს დენტალური რენტგენოგრამის სურათი.

სტომატოლოგის ასისტენტის პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს სტომატოლოგის ასისტენტად სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და სხვა დაწესებულებებში სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციის მიმართულებით.

სტომატოლოგიური დაზღვევის მიმწოდებელ სადაზღვევო კომპანიებში, სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების მწარმოებელ / მიმწოდებელ კომპანიებში.

საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკებში, პროფესიულ სასწავლებლებში მასწავლებლად ან მის თანაშემწედ.

პროგრამა შედეგება შემდეგი მოდულებისგან:

  • გაცნობითი პრაქტიკა- სტომატოლოგიური საქმე
  • სისხლმომარაგებისა და ინერვაციის გათვალისწინებით პირის ღრუს ანატომიური სტრუქტურის იდენტიფიცირება
  • კბილების ძერწვა და მოდელირება
  • კბილის მაგარ და რბილ ქსოვილთა დაზიანების იდენტიფიცირება
  • მასალათმცოდნეობა და მისი გამოყენება
  • სტომატოლოგიური კაბინეტის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა
  • პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა 1
  • დენტალური რენტგენის გადაღება
  • სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული საიზოლაციო სისტემები
  • სპეციალური საჭიროების პაციენტების სტომატოლოგიური მომსახურება
  • სამუშაოს ორგანიზება სტომატოლოგიური საქმისათვის
  • თერაპიული სტომატოლოგიის ასისტირება
  • ორთოპედიულ სტომატოლოგიის ასისტირება
  • ორთოდონტიული სტომატოლოგიის ასისტირება
  • ქირურგიული სტომატოლოგიის ასისტირება

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • აღწეროს თერაპიულ სტომატოლოგიაში არსებული მანიპულაციები;
  • ამოიცნოს პრეკლინიკურ ეტაპზე თერაპიულ სტომატოლოგიაში არსებული მანიპულაციების შესაბამისად ინსტუმენტები და მასალები;
  • აღწეროს ორთოპედიულ სტომატოლოგიაში არსებული მანიპულაციები;
  • ამოიცნოს პრეკლინიკურ ეტაპზე ორთოპედიაში გამოყენებული ინსტრუმენტები და მასალები;
  • გაწოის პროფესიული ჰიგიენური წმენდის ასისტირება კლინიკაში;
  • აღწეროს ორთოდონტიაში არსებული მანიპულაციები;
  • აიღოს ანაბეჭდი პრეკლინიკურ ეტაპზე;
  • აიღოს ანაბეჭდი კლინიკაში;
  • დაამზადოს სადიაგნოსტიკო მოდელი თაბაშირით პრეკლინიკურ ეტაპზე;
  • აღწეროს ქირურგიულ სტომატოლოგიაში არსებული მანიპულაციები;
  • ამოიცნოს პრეკლინიკურ ეტაპზე ქირურგიულ სტომატოლოგიაში არსებული მასალები და ინსტრუმენტები;
  • გაწიოს ექსტრაქციის ასისტირება კლინიკაში;
  • გაწიოს პირის ღრუს კისტების ქირურგიული მკურნალობის ასისტირება კლინიკაში;
  • გაწიოს ფესვის რეზექციის ასისტირება და დენტალური იმპლანტაციის ასისტირება კლინიკაში;
  • გაწიოს ყბების ანთებითი და არაანთებითი დაზიანებების ქირურგიული მკურნალობის ასისტირება კლინიკაში.

პროექტზე მუშაობდნენ:

ქეთევან გოგილაშვილი, ზურაბ ალხანიშვილი, იანინა გიგიბერია და გვანცა ტაბაღუა.

საქართველოს სტომაოტლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფს: ეკატერინე ჭოლაძეს, სანათა (სალომე) ქაქუთიას, ბექა ოსეფაშვილს, სალომე ხეცურიანს და ირმა (ხათუნა) მჟავანაძეს.

უახლოეს მომავალში გამოიცემა “სტომატოლოგის ასისტენტის სახელმძღვანელოს” განახლებული ვერსიაც.