2026 წლის 4-7 სექტემბერს, პრაღაში, გაიმართა FDI World Dental Congress 2026, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტომატოლოგები, მეცნიერები და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა.
კონგრესის ფარგლებში გაიმართა FDI World Dental Parliament-ის გენერალური ასამბლეა – FDI-ის უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრა, სადაც ეროვნული სტომატოლოგიური ასოციაციების დელეგატები მონაწილეობენ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია გენერალურ ასამბლეაზე ორი დელეგატით იყო წარმოდგენილი:
ქეთევან გოგილაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვლადიმერ მარგველაშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში განხილულ და მიღებულ იქნა FDI-ის პოლიტიკის დოკუმენტები (Policy Statements), რომლებიც თანამედროვე სტომატოლოგიის მნიშვნელოვან პროფესიულ და კლინიკურ საკითხებს ეხება.
მათ შორის:
- საბაზისო სტომატოლოგიური განათლება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საბაზისო სტომატოლოგიური განათლება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების განვითარება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სწავლებას, კლინიკური უნარების განვითარებას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სტომატოლოგის მომზადებას თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.
- სამეცნიერო კვლევა და ეთიკა
ყურადღება დაეთმო სტომატოლოგიურ მეცნიერებაში კვლევის ხარისხს, ეთიკურ პრინციპებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის განვითარებას და გამოყენებას.
- რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში
განახლებული პოლიტიკის დოკუმენტი ხაზს უსვამს რენტგენოლოგიური გამოკვლევის კლინიკურ დასაბუთებას, პაციენტის წინასწარ შეფასებას, დასხივების დოზის ოპტიმიზაციას და პაციენტის უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას.
- კარიესის მინიმალურად ინვაზიური მართვა
თანამედროვე მიდგომა პრიორიტეტს ანიჭებს ადრეულ დიაგნოსტიკას, ინდივიდუალური რისკის შეფასებას, პრევენციასა და რემინერალიზაციას და კბილის ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალურ შენარჩუნებას.
2027 წელს კონგრესი 21-24 ოქტომბერს მუმბაიში, ინდოეთში ჩატარდება.
