2023 წელს საქართველოს მთავრობამ №359 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. განახლებულ ტექნიკურ რეგლამენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისთვის B ჰეპატიტის ვაქცინაცია სავალდებულოა, რასაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვა. თუმცა, ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლიდან არსებობდა, როცა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება №01-6/ნ “სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის შესახებ“ ამოქმედდა, უფრო მეტიც, აღნიშნული ბრძანებით სტომატოლოგებისთვის B ჰეპატიტის ვაქცინასთან ერთად წითელას, წითურას და სეზონურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც სავალდებულოა.
ისტორიული და სოციალური კონტექსტი
B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) იწვევს როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ღვიძლის ანთებას – ჰეპატიტს. ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში ადამიანებს ციროზის (ღვიძლის გაფიბროზება) და ღვიძლის კიბოს განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით ყოველწლიურად HBV-ით ინფიცირების 1.5 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ნავარაუდებია რომ 2019 წელს მსოფლიოში 296 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა ქრონიკული B ჰეპატიტით, და საშუალოდ 1 მილიონი ადამიანი მოკვდა.
B ჰეპატიტი ყველახე ხშირად დედიდან ნაყოფზე მშობიარობის დროს ან ჰორიზონტალურად (სისხლით) გადაეცემა. B ჰეპატიტით დაინფიცირების სხვა წყაროები შესაძლოა იყოს სამედიცინო ინტრუმენტებთან დაკავშირებული შემთხევები, პირსინგი, ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან კონატაქტი (ნერწყვი, სპერმა, მენსტრუალური სისხლი, ვაგინალური სეკრეტი). გადაცემა ასევე შესაძლებელია დაბინძურებული სამედიცინო ხელსაწყოებით/ინსტრუმენტებით, ნემსით ან სხვა ბასრი საგნებით. მართალია B ჰეპატიტი სქესობრივი გზით გადამდები ხშირი ინფექციაა არაა, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ გზით იმ ადამიანებში გვხვდება, ვინც აცრილი არ არის და მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს. 5 წლამდე დაინფიცირების შემთხვევაში, ქრონიკული B ჰეპატიტის რისკი ყველაზე მაღალია.
მწვავე B ჰეპატიტის სიმპტომები შეიძლება იყოს კანის სიყვითლე, მუქი ფერის შარდი, დაღლილობა, გულის რევის შეგრძნება და ღებინება, მუცლი ტკივილი. ძლიერმა მწვავე ინფექციამ შესაძლოა ღვიძლის უკმარისობა და შემდეგ სიკვდილი გამოიწვიოს. ადამიანების უმეტესობა მწვავე ფაზის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა მათ ვისაც ქრონიკული B ჰეპატიტი განუვითარდებათ, ციროზით და ღვიძლის კიბოთი სიკვდილის ძალიან მაღალი შანსი ექნებათ.
B ჰეპატიტის მედიკამენტური სამკურნალო საშუალება არ არსებობს. თუმცა, არსებობს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ამ ინფექციისგან თავის დაცვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.
ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლების მკვეთრი შემცირება B ჰეპატიტის ვაქცინის აქტიურ გამოყენებასთან ერთად დაიწყო. მაგ. საქართველოში ვაქცინაცია 2002 წლიდან მიმდინარეობს და ახალგაზრდა პოპულაციაში ინფიცირების ერთეული შემთხვევებიღა ფიქსირდება, მაშინ როცა, 2002 წლამდე დაბადებულ პოპულაციაში ჰეპატიტების მაღალი გავრცელების ქვეყნების რიგში ვართ.
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის (ბავშვთა რუტინული ვაქცინაციის) მიხედვით, HBV-ის საწინააღმდეგო აცრა ტარდება დაბადებიდან პირველ 12 საათში, შემდეგ 2, 3, და 4 თვის ასაკში. ამ ოთხი დოზის მიღების შემდეგ, ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იქნება HBV-სგან დაცული. თუმცა, ბავშვობის ასაკში აუცრელი ან ნაწილობრივ აცრილი ზრდასრული მოსახლეობისთვის აცრა ასევე რეკომენდებულია. განსაკუთრებით მათთვის ვისაც HBV-ით დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ: კერძოდ:
- პირი, რომლის სქესობრივი პარტნიორი არის HBV-ით ინფიცირებული
- პირები, რომლებიც მოიხმარებენ საზიარო ნემსებს, შპრიცებს და/ან სხვა საინექციო საშუალებებს
- პირი, ვისაც აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადება
- აივ ინფიცირებული პირი
- პირი, თუ მას აქვს მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი HBV-ით ინფიცირებულთან
- ნებისმიერი პირი, რომელსაც თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე შეხება შეიძლება ჰქონდეს HBV-ით დაინფიცირებულ სისხლთან და/ან სხეულის სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან.
B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ვაქცინაცია უფასოა. ვაქცინაცია სავალდებულოა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის,სამ ედიცინო და სტომატოლოგიური პერსონალისთვის.
ზრდასრულებში HBV-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 დოზაა საჭირო 0-1-6 თვის ინტერვალით. ვაქცინა უსაფრთხოა როგორც ორსულ, ასევე მეძუძურ ქალებში.
B ჰეპატიტის ვირუსი
HBV ცნობილია თავისი გამძლეობით და შეუძლია ორგანიზმის გარეთ გადარჩენა მინიმუმ 7 დღის განმავლობაში. ეს თვისება მას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან (აივ) და C ჰეპატიტის ვირუსთან (HCV) შედარებით ბევრად გამძლეს ხდის. ამ მდგრადობის გათვალისწინებით, გარემო ზედაპირების ან ინსტრუმენტების საშუალებით ადამიანების ინფიცირების ალბათობა მაღალია, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
სტომატოლოგები და სხვა სამედიცინო პერსონალი სისხლთან და სხვა პოტენციურად ინფექციურ მასალებთან ხშირი კონტაქტის გამო HBV-ით ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. სამედიცინო სექტორში დეზინფექციის და სტერილიზაციის სტანდარტები, როგორც წესი, პათოგენების მედეგობის / გამძლეობის უნარის საპირწონედ დგინდება. HBV–ის მიმართ ეფექტური დეკონტამინაციის პრაქტიკა, როგორც წესი, ეფექტურია სხვა პათოგენების ფართო სპექტრის წინააღმდეგაც, რაც B ჰეპატიტის აქცევს ერთგვარ ეტალონად ამ პრაქტიკის ეფექტურობის შესაფასებლად.
სწორად გატარებული დეზინფექცია-სტერილიზაციის მეთოდები და HBV-ის ვაქცინა წარმოადგენს HBV-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების ქვაკუთხედს.
B ჰეპატიტის ვაქცინაციის ისტორია
B ჰეპატიტის ვაქცინა წარმოადგენს საეტაპო მიღწევას სამედიცინო მეცნიერებაში, რომლის დამსახურებითაც B ჰეპატიტის და მასთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებების, მათ შორის ღვიძლის კიბოს შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა მსოფლიოს მასშტაბით. ვაქცინის შექმნას საფუძველი ჩაუყარა ადრეულ 1960-იან წლებში, ექიმმა ბარუხ ბლუმბერგის აღმოჩენამ. მან 1965 წელს B ჰეპატიტის ვირუსი აღმოაჩინა. მოგვიანებით, 1976 წელს მან ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.
B ჰეპატიტის პირველი ვაქცინა შეიქმნა 1980-იანი წლების დასაწყისში. 1982 წელს კი უკვე კომერციულად გახდა ხელმისაწვდომი. ეს ვაქცინა იყო რევოლუციური, რადგან ეს იყო პირველი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა.
1986 წელს უკვე თანამედროვე ტექნოოლოგიებით შემუშავებული ვაქცინები შეიქმნა, ვაქცინის ათვისება მთელ მსფოლიოში ნელ-ნელა ხდებოდა და ვაქცინაციით ფართო მოცვის ფონზე B ჰეპატიტის გავრცელება 2018 წლისთვის 90%-ით შემცირდა.
B ჰეპატიტის რეკომბინანტული ვაქცინის დანერგვა და ფართო გამოყენება წარმოადგენს მთავარ ეტაპს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რომელიც ნათლად უჩვენებს ბიოტექნოლოგიების ძალას დაავადების პრევენციაში და ვაქცინების პოტენციალს, მნიშვნელოვნად შეამციროს ინფექციური დაავადებების ტვირთი მთელ მსოფლიოში.
შეჯამება
B ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ღვიძლის მძიმე დაზიანებების, ასევე ჰეპატოცელულარული კარცინომას განვითარება შეუძლია. ერთი აცრით თქვენ დაცული იქნებით B ჰეპატიტისგან, კიბოსგან – ჰეპატოცელულარული კარცინომისგან და დელტა ჰეპატიტისგან.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვიქცე, თუ არ მახსოვს, გაკეთებული მაქვს თუ არა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა?
თუ არ გახსოვთ, აცრილი ხართ თუ არა B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ, შეგიძლიათ სისხლში B ჰეპატიტის ზედაპირული ანტისხეული (ანტი-HBs) ის რაოდენობრივი კვლევა ჩაიტაროთ. ეს ანტისხეულები მიუთითებს წარსულში ვაქცინაციაზე ან გადატანილ ინფექციაზე. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე კი სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციას, საჭიროა თუ არა ვაქცინაციის ჩატარება.
თუ B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება არ მსურს, ყოველ 6 თვეში სკრინინგის ჩატარება ანაცვლებს თუ არა ვაქცინაციის მოთხოვნას?
B ჰეპატიტის სკრინინგი ყოველ 6 თვეში არ ცვლის ვაქცინაციის საჭიროებას. ვაქცინაცია უზრუნველყოფს იმუნიტეტს და მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის რისკს, ხოლო სკრინინგი უბრალოდ განსაზღვრავს, ხართ თუ არა ინფიცირებული.
თუ ინფიცირებული ვარ HBV-ით , მაინც უნდა ავიცრა?
არა, თუ თქვენ უკვე ხართ ინფიცირებული B ჰეპატიტით, B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთება არ მოგცემთ დამატებით სარგებელს მიმდინარე ინფექციის წინააღმდეგ. ვაქცინა შექმნილია დაავადების თავიდან ასარიდებლად. თუ HBV-ით ინფიცირებული ხართ, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის. რეგულარული ვიზიტები დაგეხმარებათ თვალყური ადევნოთ ვირუსის აქტივობას და ღვიძლის პოტენციურ დაზიანებას.
თუ არ ვიცი, რომ ინფიცირებული ვარ B ჰეპატიტით, ვაქცინის გაკეთება ზიანს ხომ არ მომაყენებს?
არა, ზიანს არ მოგაყენებთ. ვაქცინა შექმნილია ინფექციის თავიდან ასაცილებლად და თუ უკვე გაქვთ ვირუსი, ვაქცინა ვერც გაკურნავს და ვერც გააუარესებს დაავადების მიმდინარეობას. თუმცა, არც რაიმე სარგებლის მომტანი იქნება.
ვაქცინაციამდე ტესტირება აუცილებელი არაა, თუმცა შეიძლება სასარგებლო იყოს, განსაკუთრებით B ჰეპატიტის ინფექციის მაღალი რისკის მქონე პოპულაციებში – ადრეული გამოვლენის და ექიმის ზედამხედველობის უზრუნველყოფისთვის.
თუ გადატანილი მაქვს B ჰეპატიტი, მაინც უნდა ავიცრა?
თუ თქვენ უკვე გადაიტანეთ B ჰეპატიტი და გამოჯანმრთელდით, ეს ზოგადად ნიშნავს, რომ თქვენ განვითარებული გაქვთ იმუნიტეტი ვირუსის მიმართ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დაცული იყოთ B ჰეპატიტისგან, ეს არ ანიჭებს იმუნიტეტს სხვა ვირუსული ჰეპატიტის ინფექციების მიმართ, როგორიცაა ჰეპატიტი A და C.
რა კავშირია B და C ჰეპატიტის შორის?
ორივე, HBV და C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ღვიძლს აზიანებს, თუმცა სხვადასხვა ვირუსებია. მათი გავრცელების გზა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ მათი გადაცემის გზები და მკურნალობა განსხვავდება. ორივე ვირუსით ერთობლივად ინფიცირება შესაძლებელია, რაც ართულებს დაავადების მიმადინარეობას.
რა ინფექციებია A და D ჰეპატიტები?
A ჰეპატიტის ვირუსიც, ე.წ. ბოტკინი, (HAV) ღვიძლს აზიანებს და როგორც წესი დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით ან ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება. A ჰეპატიტი იწვევს ღვიძლის მწვავე, მოკლევადიან დაავადებას, მაგრამ არ იწვევს ქრონიკულ ინფექციას.
D ჰეპატიტის ვირუსი (HDV), ასევე ცნობილი როგორც დელტა ჰეპატიტი, მხოლოდ HBV-ით დაინცირებულ ადამიანებში გვხვდება. იმისათვის რომ ამ ვირუსმა ჰეპატიტი გამოიწვიოს, ღვიძლში HBV აუცილებლად უნდა არსებობდეს. HDV-ის კოინფექციას ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას, და ხელს უწყობს ღვიძლის იმაზე უფრო დაზიანებას ვიდრე იზოლირებულად HBV მოახერხებდა.
განკურნებადია თუ არა ქრონიკული B ჰეპატიტი?
ამჟამად, ქრონიკული HBV-სგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლის დაზიანების ხარისხს და აფერხებს ვირუსის გავრცელებას.
თუ B ჰეპატიტის ვაქცინაციის კურსი დავარღვიე, თავიდან უნდა ავიცრა?
თუ თქვენ დაარღვიეთ B ჰეპატიტის ვაქცინაციის კურსი, ვაქცინაციის კურსის ხელახლა დაწყება აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს. იმის მიხედვით, თუ რამდენი დოზა მიიღეთ, შეიძლება დაგჭირდეთ მხოლოდ დარჩენილი დოზების დასრულება. სტანდარტი არის სამი დოზის სერია, მაგრამ მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან, რომელიც ინდივიდუალურად შეგიდგებთ იმუნიზაციის გეგმას.
თუ B ჰეპატიტის ვაქცინის სამვე დოზა გავიკეთე, რევაქცინაცია კიდევ დამჭირდება?
B ჰეპატიტის ვაქცინის სამივე დოზის მიღების შემდეგ, რევაქცინაცია არ არის რეკომენდირებული სტანდარტულ გარემოებებში, რადგან ვაქცინა უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ძლიერ იმუნურ დაცვას. თუმცა, ზოგიერთი მაღალი რისკის ჯგუფისთვის (იხ. ზემოთ) ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ რეკომენდებულია გამომუშავებული იმუნიტეტის გადამოწმება და რევაქცინაცია. ასეთი რეკომენდაცია სტომატოლოგებისთვის ბევრ ქვეყანაშია.
B ჰეპატიტის ვაქცინაციის კურსის დასრულების შემდეგ რამდენ ხანს გამყვება იმუნიტეტი და საჭროა თუ არა იმუნიტეტის გადამოწმება?
B ჰეპატიტის ვაქცინაციით გამომუშავებული იმუნიტეტი ცხოვრების ბოლომდე მუშაობს. ადამიანების უმეტესობისთვის, ვაქცინაციის კურსის დასრულების შემდეგ იმუნიტეტის შემოწმება სისხლის ანალიზის საშუალებით არ არის აუცილებელი, თუ ისინი მაღალი რისკის ქვეშ არ არიან.
რა გვერდითი ეფექტები აქვს B ჰეპატიტის ვაქცინას და რამდენად ხშირია?
B ჰეპატიტის ვაქცინის გვერდითი ეფექტები ზოგადად მსუბუქია და შეიძლება მოიცავდეს ტკივილს ინექციის ადგილზე, ცხელებას და დაღლილობას, რომელიც 24-48 საათი შეიძლება გაგრძელდეს. სერიოზული გვერდითი მოვლენები უკიდურესად იშვიათია. სტატისტიკისთვის, სკრინინგის ჩატარების დროს 4-ჯერ მეტია შანსი, რომ ლატექსზე ალერგია განგივითარდეთ, ვიდრე B ჰეპატიტის ვაქცინაზე გქონდეთ მძიმე ალერგიული რეაქცია.
რა უკუჩვენებები აქვს B ჰეპატიტის ვაქცინას?
B ჰეპატიტის ვაქცინის უკუჩვენებები მოიცავს ალერგიულ რეაქციებს ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე, საფუარა სოკოს ჩათვლით. სხვა უკუჩვენება ვაქცინას არ გააჩნია.
ვის მივმართო, როგორ ავიცრა?
მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ექიმებისთვის, ვაქცინაცია უფასოა. იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაციის პროგრამით ისარგებლოთ (ვაქცინა გაიკეთოთ სახელმწიფო დაფინანსებით), კლინიკის მენჯმენტმა მოთხოვნით უნდა მიმართოს ამბულატორიას (პოლიკნინიკას), რომელსაც აქვს იმუნიზაციის კაბინეტი. სტომატოლოგიურმა კლინიკამ ამბულატორიას უნდა გადასცეს ასაცრელი პერსონალის სია. ამ სიის საფუძველზე ამბულატორია ვაქცინებს გამოითხოვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან. მას შემდეგ, რაც თქვენ სახელზე გამოთხოვილ ვაქცინებს ამბულატორიაში მიიტანენ, შეგეძლებათ ამბულატორიას დაუკავშირდეთ, ჩაეწეროთ და აიცრათ.
ამავე თემაზე: ამბავი კიბოს პირველი ვაქცინის შექმნისა
ზურაბ ალხანიშვილი
ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი