ჰალიტოზი – მდგომარეობა, რომელმაც სოციუმიდან შესაძლოა ადამიანის იზოლაცია გამოიწვიოს (I ნაწილი)

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან ანუ ჰალიტოზი, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ასაკში გამოუვლინდეს. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან არ არის დაავადება, მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც როგორც სამედიცინო, ისე სოციალურ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს, ხშირად უხერხულობას ქმნის და რომელმაც შესაძლოა სოციუმიდან ადამიანის იზოლაცია გამოიწვიოს. ჰალიტოზი საზოგადოებაში ერთ-ერთ გავრცელებულ სუბიექტურ ჩივილს წარმოადგენს და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ის ყოველ მეოთხე ადამიანს აღენიშნება. ის იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს, უხერხულობის შეგრძნებას და, მაშასადამე, საზოგადოების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

არსებობს ჰალიტოზის სამი ძირითადი კატეგორია: ჭეშმარიტი ჰალიტოზი, ფსევდოჰალიტოზი და ჰალიტოფობია.

ჭეშმარიტი ჰალიტოზის დროს, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში ნამდვილად არსებობს და მისი დიაგნოსტირება ორგანოლეპტიკური მახასიათებლებით (ადამიანის გრძნობის ორგანოებით აღქმადი) ან შესაბამისი ნაერთების აღმოჩენითაა შესაძლებელი. ჭეშმარიტი ჰალიტოზის ორი ფორმა არსებობს – ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ჰალიტოზი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა საკვებით, მაგალითად ნიორი, ხახვი, სანელებლები და ამავდროულად, მედიკამენტით (მაგალითად, მეტრონიდაზოლი) გამოწვეული დროებითი უსიამოვნო სუნი ჯანმრთელობის პრობლემას არ უკავშირდება და ფიზიოლოგიური ჰალიტოზის მაგალითს წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას “დილის” ჰალიტოზზეც, რომელიც ჩვეულებრივ, დილით, გაღვიძებისას შეინიშნება. „დილის“ ჰალიტოზი ღამის განმავლობაში ნერწყვდენის შემცირებით და დაშლის პროცესების გააქტიურებითაა გამოწვეული, ის საუზმის ან პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურების ჩატარების შემდეგ თავისთავად ქრება.

მუდმივი უსიამოვნო სუნი, როგორც წესი, რომელიმე დაავადების არსებობაზე მიუთითებს და ამ მდგომარეობას პათოლოგიური ჰალიტოზი ეწოდება. თუ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი არ აღინიშნება, მაგრამ პაციენტი მის არსებობაზე მაინც მიუთითებს, ასეთ მდგომარეობას შეიძლება ფსევდოჰალიტოზი ვუწოდოთ. თუ პაციენტი ჭეშმარიტი ჰალიტოზის მკურნალობის შემდეგ ან ფსევდოჰალიტოზის დიაგნოსტიკის შემდეგ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს მაინც აღნიშნავს, ამ სიტუაციაში საქმე გვაქვს ჰალიტოფობიასთან, რაც ფსიქიკური მდგომარეობის დარღვევადაა აღიარებული.

თუ პაცენტი პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს უჩივის, თუმცა ობიექტური გამოკვლევისას ჰალიტოზის ნიშნები პრაქტიკულად არ აღინიშნება, საქმე გვაქვს ფსევდოჰალიტოზთან, რამაც შეიძლება ჰალიტოფობიამდე მიგვიყვანოს. ჰალიტოფობიის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჰალიტოზის დიაგნოზის დასმა არ ხდება, პაციენტი მის არსებობას მაინც აღიარებს. მითითებული სინდრომი დაკავშირებულია ქცევით აშლილობასთან და იპოქონდრიასთან (დაუძლეველი შიში დაავადების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი არ დასტურდება). სწორად შედგენილი სპეციალური კითხვარი კლინიცისტს დარღვევის ნიშნების სწორად შეფასების საშუალებას აძლევს. ასეთი პაციენტების შემთხვევაში, კონსულტაცია სასურველია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის თანდასწრებით ჩატარდეს. აღნიშნული პათოლოგიის კომპლექსურობიდან გამომდინარე, კონსულტაცია უნდა იყოს მულტიდისციპლინური, პაროდონტოლოგთან ერთად დარგის სხვა სპეციალიტების, ოტორინლარინგოლოგის, შინაგან სნეულებათა სპეციალისტის (საჭიროების შემთხვევაში) და ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩართულობით.

მოდით, პირველ რიგში, ჭეშმარიტი ჰალიტოზის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე ვისაუბროთ. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის გამომწვევი ორი მიზეზი არსებობს – ინტრაორალური (პირის ღრუს შიგნით) და ექსტრაორალური (პირის ღრუს გარეთ არსებული). მინდა გითხრათ, რომ ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზების დახლოებით 95% მაინც პირის ღრუშია. ამ ფაქტორებიდან, ყველაზე ხშირ და ძირითად მიზეზს, ენაზე არსებული ნადები წარმოადგენს. გარდა ამისა, მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორი – პაროდონტის დაავადებებია (გინგივიტი, პაროდონტიტი). კბილის დაავადებებიდან უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავლობითი ღრმა კარიესული დაზიანებები, სისხლის კოლტით ამოვსებული ღრმა ჭრილობები კბილის ამოღების შემდეგ (პოსტექსტრაქციული) და ჩირქოვანი გამონადენი. სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია ფართო კბილთაშორის სივრცეებში არსებული საჭმლის ნარჩენები; კბილთა მჭიდრო დგომა, რომელიც ნადების დაგროვებას უწყობს ხელს; აკრილის მოსახსნელი პროტეზები, რომელთა ზედაპირი ფოროვანია და ბაქტერიების, სოკოების და საკვების ნარჩენებისთვის იდეალურ საფიქსაციო ადგილს წარმოადგენს (განსაკუთრებით, ღამით მისი მუდმივი ხმარებისას ან რეგულარული წმენდის იგნორირების დროს) – აღნიშნული სიტუაცია ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციების განვითარებას, რომელიც სპეციფიკური სუნით ხასიათდება.

ალბათ საინტერესოა იმ მიზეზის ცოდნა, რაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს უკავშირდება. ეს ერთმნიშვნელოვნად პირის ღრუში ბინადარი ბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტებია. პირის ღრუში ძალიან ბევრი ბაქტერია არსებობს, როცა მათ საკვების ნარჩენები და პირის ღრუს ჩამოფცქვნილი ეპითელიუმიც ემატება, ბაქტერიები მრავლდებიან, ნარჩენების დაშლას იწყებენ და უსიამოვნო სუნის მქონე პროდუქტებს წარმოქმნიან. არაერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ძირითად მიზეზს გოგირდის აქროლადი ნაერთები წარმოადგენს, განსაკუთრებით გოგირდწყალბადი, მეთილმერკაპტანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დიმეთილსულფიდი; მიკროორგანიზმების მიერ პროტეოლიზური დეგრადაციის შედეგად წარმოიქმნება უსიამოვნო სუნი.

უსიამოვნო სუნის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი – პირის ღრუს სიმშრალეა. ნერწყვი მნიშვნელოვან გამწმენდ ფუნქციას ასრულებს. ის ჩამორეცხავს და ასუფთავებს პირის ღრუს. თუ ნერწყვის გამოყოფა საჭირო რაოდენობით არ ხდება, პირის ღრუში სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს. ასეთ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ნადების დიდი რაოდენობა კბილებსა და ენის ზედაპირზე. ნერწყვის გამოყოფის შემცირების დროს, მიკრობების მომატებული რაოდენობით და სუნთქვისას გოგირდის აქროლადი ნაერთების გამოყოფით აიხსნება უსიამოვნო სუნის არსებობა პირის ღრუში. მშრალი პირის ღრუს გამომწვევ ფაქტორებს შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეული მედიკამენტის მიღება, სანერწყვე ჯირკვლების პრობლემები, პირით სუნთქვა, ალკოჰოლ-დამოკიდებულება, დიაბეტი.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰალიტოზის გამომწვევად, ძირითადად, პირის ღრუში არსებული მიზეზები სახელდება, ხშირად უფრო მნიშვნელოვანი პათოლოგიური მდგომარეობები შეიძლება შეუმჩნეველიც დარჩეს. პაციენტების მცირე ნაწილს ექსტრაორალური მიზეზები აღენიშნება, მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები, სისტემური დაავადებები (მაგალითად, დიაბეტი), მეტაბოლური ან ჰორმონული ცვლილებები, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა, ბრონქული დაავადებები, ფილტვის პათოლოგიები ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები.

ქრონიკული ან ჩირქოვანი ტონზილიტის დროს, ტონზილების ჩაღრმავებები ნადებისა და ბაქტერიების დაგროვებას ახდენს, რაც შემდგომში ლპობით პროცესებს იწვევს. სხვა მაგალითებიც არსებობს, როგორიცაა მწვავე ფარინგიტი (ხახის ლორწოვანი გარსის ანთება) და მდგომარეობა, როცა პაციენტები ცხვირიდან ხახაში სითხის/ლორწოს ჩადინებას აღნიშნავენ. ის მიიღება ცხვირის ლორწოვანი გარსის მიერ ლორწოს ჭარბი რაოდენობის გამოყოფით, რომლის დაგროვება ცხვირის უკანა ნაწილში ხდება. ის ხშირად ქრონიკულ სინუსიტს უკავშირდება, სხვა მიზეზებს შეიძლება წარმოადგენდეს ალერგია, გაციება, გრიპი და მედიკამენტის გვერდითი მოქმედება.

ფილტვისმიერი მიზეზები მოიცავს ქრონიკულ ბრონქიტს, ბრონქოექტაზიას (ბრონქების პერმანენტული გაგანიერება ბრონქიალური კედლის ელასტიური და კუნთოვანი კომპონენტების დესტრუქციის შედეგად), პნევმონიას, ფილტვის აბსცესს, ბრონქულ კარცინომას და ფილტვის კარცინომას.

რაც შეეხება კუჭ-მაწლავის ტრაქტს, გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ, დაავადებები ძალზედ იშვიათად წარმოადგენს უსიამოვნო სუნის მიზეზს. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში, უსიამოვნო სუნის გამომწვევი შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობა იყოს: მაგალითად, საყლაპავის კედლის თიაქარი, სადაც საჭმლის ნარჩენების აკუმულაცია და დაშლა ხდება. აღნიშნულმა შეიძლება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს, რადგან პირის ღრუსგან სპინქტერით გამოყოფილი არ არის; კუჭის დიაფრაგმული თიაქარი; მან შეიძლება კუჭის შიგთავსის რეფლუქსი გამოწვიოს პირ-ხახამდე; სპინქტერის არასწორი ფუნქციით გამოწვეული კუჭის მოუნელებელი შიგთავსის უკუდინება საყლაპავი მილისკენ; ნაწლავებში აირების პროდუქცია: ზოგიერთი აირი (მაგ. დიმეთილსულფიდი) აბსორბირდება, მაგრამ არ მეტაბოლიზდება ნაწლავის ენდოთელიუმის მიერ და გადადის სისხლში. შემდეგ ამ აირების ამოსუნთქვა შეიძლება ფილტვებიდან მოხდეს.

წლების განმავლობაში, ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა Helicobacter pylori-ასა და ჰალიტოზს შორის ასოციაციის შესახებ. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, აღნიშნული მიკროორგანიზმი გოგირდწყალბადისა და მეთილმერკაპტანის პროდუქციას ახდენს და ჰალიტოზის განვითარებაში მონაწილეობს, ზოგი მკვლევარი კი – Helicobacter pylori-სა და ჰალიტოზს შორის ასოციაციის არარსებობას ამტკიცებდა ; თუმცა 2016 წელს გამოქვეყნებული მეტაანალიზის მიხედვით, გარკვეული მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ Helicobacter pylori ინფექცია პირის ღრუდან უსიამოვნო სუნთან არის კორელაციაში. Helicobacter pylori ინფექციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჰალიტოზის პათოფიზიოლოგიურ მექანიზმში და ამ ინფექციის აღმოფხვრა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს რეფრაქტერული ჰალიტოზის (ჰალიტოზი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება) მქონე პაციენტებში.

ღვიძლის პათოლოგიების მქონე პაციენტების ამონასუნთ ჰაერს უსიამოვნო სუნის აქვს და დიდწილად, დიმეთილსულფიდის აკუმულაციას უკავშირდება. გარდა ამისა, ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციის დარღვევის დროს მომატებული გარკვეული მეტაბოლიტების რაოდენობა (რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდება), აღწევს სისტემურ ცირკულაციაში და ამონასუნთქ ჰაერში ხვდება.

თირკმლის უკმარისობა პირველადად გამოწვეული ქრონიკული გლომერულონეფრიტით, ამინების დიმეთილამინის და ტრიმეთილამინის პროდუქციას იწვევს და დამახასიათებელ თევზის სუნს წარმოქნის.

არაკონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი კეტონების აკუმულაციას იწვევს, რომელიც გაფუჭებული ვაშლის მსგავსი სპეციფიკური მოტკბო სუნით ხასიათდება. ინსულინრეზისტენტობას ტრიგლიცერიდების და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობის მომატებამდე მივყავართ, რომელთა ლიპოლიზის შედეგად კეტონების (აცეტონი, აცეტოაცეტატი და ჰიდროქსიბუტირატი) გამოყოფა ხდება.

არსებობს ჰორმონული მიზეზებიც. მენსტრუალური ციკლის გარკვეულ მომენტებში პირის ღრუდან შეიძლება დამახასიათებელი სუნი აღინიშნოს. კვლევები ადასტურებს, რომ ოვულაციის და პერიმენსტრუალურ პერიოდში, გოგირდის აქროლადი ნაერთების დონე ამონასუნთქ ჰაერში 2-4-ჯერ მაღალია. მათი რაოდენობა შუაფოლიკულურ ფაზებში შედარებით მცირეა.

პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მართვის შესახებ ინფორმაციას მომდევნო ბლოგში მოგაწვდით.

გაგრძელება: https://gsa.ge/halitosis2/

ქეთევან გოგილაშვილი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი