რენტგენის სხივები სტომატოლოგიაში – მოკლე ისტორია | ანა მაისურაძის ბლოგი

მას შემდეგ, რაც 1895 წელს ვ. რენტგენმა (Wilhelm Roentgen) აღმოაჩინა რენტგენის სხივები და 1901 წელს მიიღო ნობელის პრემია, ამ აღმოჩენის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გერმანელმა სტომატოლოგმა  ოტო ვალკოფმა (Dr. Otto Walkhoff) პროფესორ ჟიზელთან (Geisel) ერთან საკუთარ თავზე გადაიღო პირველი ინტრაორალური და ექსტრაორალური დენტალური რენტგენი, რომელთა ექსპოზიციის დროც შეადგენდა 25 წუთს. 1896 წელს ოტო ვალკოფმა დააარსა მსოფლიოში პირველი «X სხივების ლაბორატორია».

1896 წელს ამერიკელმა სტომატოლოგმა Dr. C. Edmund Kells გადაიღო ინტრაორალური რადიოგრაფია და სწორედ პირველმა მან დაიწყო საუბარი მაიონებელ გამოსხივებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მისი თქმით, ასეთი ხანგრძლივი ექსპოზიცია იწვევდა კანის ზედაპირულ გაღიზიანებას, რაც ერთგვარ ნამზიურს წააგავდა და გარკვეული პრიოდის შემდეგ ქრებოდა. 12 წლის განმავლობაში ექიმი კელსი ყოველი ინტრაორალური რადიოგრაფიის გადაღების წინ, ამოწმებდა საკუთარი რენტგენის აპარატის ფუნქციონირებას და ამისათვის სხივის წყაროსა და დეტექტორს შორის საკუთარ ხელს ათავსებდა. ამის გამო მას განუვითარდა ავთვისებიანი სიმსივნე თითებზე, რაც ამპუტაციით დასრულდა (Cavézian et Pasquet, 2005 ; Abbott, 2000).

1897 წელს ნიუ-იორკში ქალბატონ მაკ-დონალდს გადაუღეს 2 დენტალური რადიოგრაფია, რომელთაგან პირველი გრძელდებოდა 8 წუთი და მეორე 13 წუთი. რენტგენის სურათის გადაღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი სახის კანი დაიფარა ვეზიკულებით და შემდგომ კანმა აქერცვლა დაიწყო სახისა და მხრების მიდამოში. პაციენტს დაეწყო თმის ცვენა. ერთი ყური გაუსივდა და სმენა სრულიად დაკარგა (Smith, 1968). 1902 წლიდან იწყება რადიოინდუცირებულ კანის სიმსივნეებზე პუბლიკაციები და მომდევნო 5 წელიწადში დეკლარირებული შემთხვევების რიხცვმა მიღწია 170. უმთავრესად აღნიშნული სიმსივნეები ვითარდებოდა იმ მედპერსონალში, რომლებიც იღებდნენ რენტგენის სურათს (Foucart, 2007). იმავე პერიოდში გამოვლინდა მაიონებელი გამოსხივების სხვა დამაზიანებელი მოქმედება: ძვლის სარკომა იმ მესაათეებში, რომლებიც რადიუმის შემცველ მანათობელ საღებავს იყენებდნენ საათებში, ფილტვის კიბო ურანიუმის შახტებში მომუშავე პირებში და ერითემები და ლეიკემია რადიოლოგებში (Abbott, 2000). ამერიკელი სტომატოლოგი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი W.H. Rollins იყო პირველი, ვინც დაიწყო საუბარი რადიაციულ უსაფრთხოებაზე. 1896-1904 წლებში მან გამოაქვეყნა არაერთი სტატია, სადაც მაიონებელი გამოსხივების დამაზიანებელ მოქმედებაზე საუბრობდა და პირველმა წამოაყენა იდეა პაციენტებსა და ოპერატორებში რადიოპროტექციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენების.

1921 წელს ინგლისში რადილოგებმა დააარსეს X სხივებისა და რადიუმისაგან დამცავი პირველი კომიტეტი. 1928 წელს დაარსდა X სხივებისა და რადიუმისაგან დამცავი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია (Foucart, 2007).

სტომატოლოგიაში გამოყენებული რადიოდიაგნოსტიკური კვლევების 90% ინტრაორალურ რენტგენოგრაფიაზე მოდის. საფრანგეთის სტომატოლოგთა ასოციაციის 2012 წლის მონაცემებით, საშუალოდ ერთი სტომატოლოგი წელიწადში იღებს 2000-მდე რადიოგრაფიას (ADF, 2012).  მაიონებელი გამოსხვება  გარკვეული საფრთხის მატარებელია ოპერატორისა და პაციენტისთვის (Rouas et Hauret, 2014). ამიტომ მისი გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და კონტროლირებული. სწორედ ამას ეძღვნება ჩემი ბლოგი. მომდევნო სტატიებში გაგაცნობთ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI)  მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს რადიაციულ უსაფრთხოებაში და ასევე ვისაუბრებ რადიობიოლოგიაზე, მაიონებელი გამოსხივების ციტოტოქსიკურ და გენოტოქსიკურ ეფექტზე.

ანა მაისურაძე

ლიცენზირებული სპეციალისტი სამედიცინო რადიოტექნოლოგიასა და რადიაციულ უსაფრთხოებაში რადიოლოგიურ ცენტრში “IMAGIX”, ქალაქი Tourcoing, საფრანგეთი