სან – ფრანცისკოში სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მსოფლიო კონგრესი გაიმართა

2019 წლის 4-8 სექტემბერს სან-ფრანცისკოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) და ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) ერთობლივი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა.

ADA და FDI ერთობლივად 1 მილიონ სტომატოლოგს წარმოადგენს მსოფლიოს 130 ქვეყნიდან.

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურ ასამბლეის მუშაობაში ჩართულები იყვნენ დელეგატები საქართველოდანაც. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას, როგორც FDI-ს წევრ ასოციაციას, FDI-ს მმართველ ორგანოში ორი დელეგატი (ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ის პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი და ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი) ჰყავს.

გენერალურ ასამბლეაზე მოხდა მნიშვნელოვანი გაიდლაინების დამტკიცება (კარიესული დაზიანებები და პირველი რესტავრაციული მკურნალობა; დაზიანებული რესტავრაციების აღდგენა; ანტიბიოტიკებით მკურნალობა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში; კბილთა მწკრივის ანომალია და პირის ღრუს ჯანმრთელობა; უწყვეტი სტომატოლოგიური განათლება ციფრული მედიის საშუალებით; ინფექციების პრევენცია და კონტროლი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში) და ახალი კანონების მიღება.

პროფესორი ქეთევნ გოგილაშვილი მეორე ვადით იქნა არჩეული FDI-ს ქალთა ორგნიზაციის გამგეობაში (Women Dentists Worldwide – WDW). ქეთევან გოგილაშვილი WDW-ს ფორუმზე წარსდგა მოხსენებით ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე.

Free Communication სექციაში მოხსენებებით წარსდგნენ პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ ალხანიშვილი (თანაავტორები: ირმა ბაკურაძე, ქეთევან გოგილაშვილი, ნინო გვასალია, მაგდა ასათიანი, გვანცა ტაბაღუა, ლანდა ლურსმანაშვილი). თსუ-ის დოქტორანტის, გვანცა ტაბაღუას, ავტორობით წარდგენილი იქნა ელექტრონული პოსტერი „ახალი თაობის ორალური კონტრაცეპტივების გავლენა პაროდონტის მდგომარეობაზე“ (თანაავტორები: ქეთევან გოგილაშვილი, ლანდა ლურსმანაშვილი, ზურაბ ალხანიშვილი, ირაკლი ბერიძე, ნინო გვასალია).

კონგრესს ათეულობით ათასი მონაწილე ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც სტუდენტები და რეზიდენტები, ისე ექიმი სტომატოლოგები.

Skip to main content