სალომე ზურაბიშვილი ქალთა მსოფლიო ფორუმის შესახებ

დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს არსებობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ეს საკითხი ქალებს განსაკუთრებით გვაღელვებს, რადგან ქალი აგრძელებს სიცოცხლეს, ზრდის მომავალ თაობას.

მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება მსოფლიო მასშტაბის ფორუმი, რომელიც ეხება ქალთა ჯანმრთელობას. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ საქართველო მოწოდებულია, საერთაშორისო დონეზე, პარტნიორებთან ერთად იმსჯელოს და იმუშაოს გლობალური მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტაზე.

როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც საქართველოს ქალი პრეზიდენტი ვუერთდები ამ სულისკვეთებას.

ქალები სულ უფრო მეტად ვამტკიცებთ, რომ დიდი ძალა გვაქვს, – შეგვიძლია წარმატებით გავუმკლავდეთ პრობლემებს, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, ვიზრუნოთ იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც საზოგადოებას წინსვლაში დაეხმარება.

დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესზე შეიქმნება საუკეთესო გარემო იმ საკითხებზე მსჯელობისათვის, რომლებიც აღელვებთ ქალებს და გაჩნდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

წარმატებებს ვუსურვებ ფორუმის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს!

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

შეგახსენებთ, რომ  2019 წლის 5-6 ივლისს, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-15 საერთაშორისო კონგრესზე სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმს „ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ უმასპინძლებს. ფორუმს მსოფლიოს წამყვანი და უდიდესი სტომატოლოგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და საპატიო წევრები უმასპინძლებენ. ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გაიხსნება.