კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ | შეკითხვები და პასუხები

რას არეგულირებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი?

ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

რა არის კანონის მოქმედების სფერო, ვის ეხება კანონის მოთხოვნები?

2019 წლის 1 სექტემბრამდე, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენდა მომეტებული საფრთხისშემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც ხორციელდებოდა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა. 2019 წლის 1 სექტემბრიდან, ეკონომიკური  საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებთაც ჰყავთ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კანონის მოთხოვნების დაცვა.

ეს კანონი არ ვრცელდება:

ა) შსს-ზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, შესაბამის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით;
ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რა ვალდებულებები ეკისრებათ დამსაქმებლებს?
დამსაქმებელი ვალდებულია:

  • ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი!
  •  ჰყავდეს ალკოჰოლური/ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი; დაწარმოადგინოს მათი შემოწმების ჟურნალები;
  • დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები და წესები;
  • იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს;
  • უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას;
  • აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;
  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • უზრუნველყოს საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტის წარმოება;
  • მოადხინოს არსებული საფრთხეების არმოფხვრა და შესაბამისი მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება;
  • განათავსოს პირველადი დახმარების საშუალებებით აღჭურვილი კუთხე სამუშაო სივრცეში;

რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით:

  • შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება;
  •  უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და, საჭიროების შემთხვევაში,  დროულად შეცვალოს ისინი;
  • აღნიშნული პერიოდულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ დოკუმენტებში. თუმცა, კანონქვემდებარე აქტში შემოწმების პერიოდულობის არარსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელი მაინც არის ვალდებული საკუთარი ინიციატივით მოახდინოს შემოწმებები.
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ფაქტორები:
    – ფიზიკური ფაქტორის, როგორიცაა მიკროკლიმატის გაზომვის ვალდებულება ეკისრება ყველა დაწესებულებას საქართველოს მთავრობის დადგენილების N69-ე დადგენილების  საფუძველზე, წელიწადში ორჯერ. დამსაქმებელი ვალდებულია, გაზომოს მიკროკლიმატი, შეაფასოს არსებული მდგომარეობა, და იმ შეთხვევაში თუკი სცდება მიკროკლიმატი დადგენილ ნორმებს უზრუნველყოს მისი გამოსწორება.
    ფაქტორების გაზომვა დაკავშირებულია მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარებასთან, კერძოდ, თუკი შრომის ისნპექციამ ეჭვქვეშ შეიტანა სამუშაო სივრცეში არსებული სამუშაო პროცესის სიჯანსაღე, უფლებამოსილია მოგთხოვოთ ფაქტორების გაზმოვა (მაგალითად, თუ დაფიქსირდა მომეტებული ხმაური, სამუშაო პროცესთან დაკავშირებულია ჰაერში მავნე ნივთიერებები დაგროვება და ა.შ.)

 უზრუნველყოს დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება

დამსაქმებელი ვალდებულია თემატურად განსაზღვროს ინსტრუქტაჟების ჩატარების ჟურნალში ინსტრუქტაჟის დასაქმებულთათვის სამუშაო საათებში ჩატარების თარიღი, შინაარსი. სწავლების (ტრენინგების) ჩატარება უნდა განხორციელდეს:

  • დასაქმებულების დაქირავებისას, მათ მიერ სამუშაოს შესრულების დაწყებამდე;
  • დასაქმებულთა სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისას/სამუშაოს შეცვლისას;
  • ახალი ტექნოლოგიური პროცესისა და სამუშაო მეთოდების დანერგვამდე, ახალი მანქანადანადგარების გამოყენების ან/და საწარმოო პროცესის ცვლილების დაწყებამდე;
  • განმეორებით, თავის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ან საჭიროების მიხედვით.

დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულებს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს ან/და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც შეეხება:

  • პროფესიულ რისკებსა და მავნე საწარმოო ფაქტორებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ადგილთან, და დასაქმებულების ჯანმრთელობაზე მათ შესაძლო გავლენას, აგრეთვე მათგან თავის დაცვის მექანიზმებს;
  • რისკებს, რომელთა წინაშეც შეიძლება დადგნენ დასაქმებულები, და რისკების შედეგების შეფასებას, მათ შორის, დამსაქმებლის მიერ მიღებულ შრომის უსაფრთხოებისა და პრევენციულ ზომებს;
  • საგანგებო სიტუაციებს, საევაკუაციო გეგმებს და მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში მისაღებ ზომებს, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ავარიის ან ხანძრის შემთხვევაში;
  • აკრძალვებს, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოში შესვლასთან, იქ ყოფნასთან და ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის დასაქმებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

კონტრაქტორი კომპანიების შემთხვევაში:

  • დამსაქმებლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და
    მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ. დამკვეთი შემსრულებლის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს!
  • დამსაქმებელი ვალდებულია გასწიოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებასთან და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

 რა უნდა გავაკეთოთ რომ დავიცვათ კანონი?

დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი, რომელიც დაეხმარება კანონით დაგდენილი მოთხოვნების შესრულებაში, მათ შორის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტების შექმნაში. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შესაძლებელია აიყვანოთ, როგორც შრომითი ხელშეკრულების, ასევე მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 ვინ არის შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი და რა შედის მის კომპეტენციაში?

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი პირი, რომელიც დამსაქმებელს შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ეხმარება უზრუნველყოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ სპეციალისტი არის სერტიფიცირებული პირი, რომელსაც გავლილი აქვს სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციებისაგან შესაბამისი სწავლების 2 თვიანი კურსი და ჩაბარეული აქვს შესაბამისი გამოცდა ან ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატს (IOSH/NEBOSH) სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ: https://www.moh.gov.ge/ka/727/

რამდენი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტი უნდა ჰყავდეს დამსაქმებელს?

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

რა შედის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კომპეტენციაში?

  • უზრუნველყოს საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • უზრუნველყოს დასაქმეულთა ინსტრუქტაჟების ჩატარება კანონით დადგენილი პერიოდულობით;
  • დაეხმაროს დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში მომხადი უბედური შემთხვევისას შექნას შესაბამისი კომისია და მოიკვლიოთ მომხდარი უბედური შემთხვევები;
  • აღრიცხოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევები, საშუალო, მძიმე,მასობრივი, ფატალური უბედური შემთხვევები შეატყობინოს სამინისტროს 24 სთ-ის განმავლობაში;
  • უზრუნველყოს პროფესიული დაავადებების კონტროლი;
  • გასცეს მითითებები დამსაქმებლის მიმართ არსებული საფრთხეების რეგულირების და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ (მაგ: სახანძრო უსაფრთხოება, ელექტროუსაფრთხება, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის წესები, ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობის წესები და ა.შ.);
  • დაეხმაროს დამსაქმებელს, მიუთითოს თუ რა ტიპის ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების აღჭურვას საჭიროებს;

რა საკითხებზე უნდა ჩაატაროს ტრენინგი შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულმა სპეციალისმა?

  • შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;
  • სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;
  • საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;
  • არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ვინ არის სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი?

დამსაქმებელი ვალდებულია დაიცვას სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოება, ესენი არიან ვიზიტორები, არაშრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები, პრაქტიკანტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის დახმარებით, დამსაქმებელმა უნდა განსაზღვროს სხვა პირების მიმართ არსებული საფრთხეები და განახორციელოს შესაბამისი მაკონტროლებელი ღონისძიებები.

რა ტიპის სანქციები შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს?

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
ზედამხედველი ორგანო გაფრთხილების ან ჯარიმისა გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისათვის დადგენილი გონივრული ვადა განისაზღვრება ზედამხედველი ორგანოს მიერ დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელთან კონსულტაციის საფუძველზე და აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

სამართალდარღვევები დაყოფილია შემდეგ სიმძიმეებად:
ა) არაარსებითი შეუსაბამობა;
ბ) არსებითი შეუსაბაობა;
გ) კრიტიკული შეუსაბამობა; – გამოიყენება სამუშაო პროცესის შეჩერება.
სანქციების ოდენობა დამოკიდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხსა და სამართალდაღვევის სიმძიმეზე.

რას ნიშნავს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა სტომატოლოგიური კლინიკისთვის?

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ შეიმუშავა სისხლის და სხეულის სითხის ექსპოზიციის (ზემოქმედების, ინციდენტის) შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების, რისკის შეფასების, დოკუმენტაციის წარმოების და მართვის პროტოკოლი. დოკუმენტი 2019 წლის შემოდგომას გამოვა და დაეხმარება ყველა სტომატოლოგიურ დაწესებულებას, პერსონალის შრომის უსაფრთხოების დაცვასა და სწორ მენეჯმენტში.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია განახორციელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამას?

არა. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვები ვიწრო დარგობრივი პროფესიული გაერთიანებების რესურსებთან შეუთავსებელია. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4348224/0/1

როგორ უნდა დავუკავშირდე მარეგულირებელ ორგანოს?

მარეგულირებელი ორგანოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდ აცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
საკონტაქტო ტელეფონი: 15 05

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მადლობას უხდის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს გზამკვლევის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის.