რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში

მსოფლიო ებრძვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ს პანდემიას. სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, აღნიშნული საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისა კონტროლის მიზნით ტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები, რომლეთა შესრულებაც სავალდებულოა:

  1. არ განახორციელონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 1 მაისამდე.
  2. არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა.
  3.  რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
  4. იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია.
  5. კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება.
  6. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში.

ინფექციის კონტროლის ღონისძიებები

  1. მწვავე რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტების იდენტიფიცირება ხდება რეგისტრაციის ეტაპზე.
  2. სტომატოლოგიურ კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა, გაიკეთოს ქირურგიული ნიღაბი და დაიცვას სოციალური დისტანცია, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს მისი კონტაქტი სხვა პაციენტებთან და დაწესებულების სხვა (უშუალოდ მის მომსახურე პერსონალის გარდა) პერსონალთან.
  3. სტომატოლოგიური მომსახურება უნდა განხორციელდეს ერთ-სავარძლიან კაბინეტში, მჭიდროდ დახურული კარის პირობებში.
  4. მნიშვნელოვანია გამართული ვენტილაციის სისტემის არსებობა და ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 21 გრადუსს (პლუს – მინუს ერთ).
  5. მანიპულაციის დაწყებამდე პაციენტმა უნდა გამოივლოს პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები.
  6.  რენტგენოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების საჭიროებისას გამოყენებულ იქნეს ექსტრაორალური რენტგენები (ორთოპანტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია);
  7. რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა აღიჭურვონ ერთჯერადი ქირურგიული ნიღბით; დაწესებულებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთჯერადი ხელსახოცები.
  8. დაწესებულებაში მყოფი ყველა პირი ატარებს ქირურგიულ ნიღაბს, მათ შორის, სამედიცინო კაბინეტის გარე სივრცეებშიც (მოსაცდელი, რეგისტრატურა და.ა.შ.), ნიღაბი ექვემდებარება შეცვლას თითოეულ პაციენტთან მომსახურების დასრულებისთანავე.
  9. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პაციენტის გასინჯვის დროს სტომატოლოგი აღჭურვილ უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  • ერთჯერადი რესპირატორი N95 ან ქირურგიული ნიღაბი
  • ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანი (არასტერილური)
  • ერთჯერადი წყალგაუმტარი სამედიცინო ხალათი
  • თვალების დამცავი საშუალებები (ინდივიდუალური დაცვის სათვალე, სახის ფარი)
  • ბახილები

10. რესპირატორი N95-ის გამოყენება აუცილებელია აეროზოლების რისკის წარმოქმნასთან დაკავშირებული მანიპულაციების წარმოებისას. ამ შემთხვევაში რესპირატორი მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული სახეზე, ისე, რომ სრულად ფარავდეს პირის ღრუსა და ცხვირის ნესტოებს. დაუშვებელია რესპირატორის ხელმეორედ გამოყენება. რესპირატორის ტარებისას და მოხსნისას არ უნდა შეეხოთ მის გარე ზედაპირს.

11. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების პაციენტის მომსახურებისას სავალდებულოა:

  • ოთხ ხელში მუშაობის პრინციპის დაცვა
  • საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) გამოყენება
  • მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება
  • ხელების ხშირი დაბანა და ანტისეპტიკური საშუალებებით დამუშავება

12. ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება გარემოს ზედაპირებზე და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია ზედაპირის ტიპზე, ტემპერატურაზე ან გარემოს ტენიანობაზე. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია:

  •  სამედიცინო პერსონალი უნდა იცავდეს ხელის ჰიგიენის წესებს (ხელების დაბანა თხევადი საპნითა და თბილი წყლით, ან ხელების დამუშავება სპეციალური ანტისეპტიკით-სანიტაიზერით). ხელის ჰიგიენა სრულდება, როგორც მომსახურების დაწყების, ისე დამთავრების შემდეგ. დაბანის შემდეგ ხელების გასამშრალებლად გამოიყენება ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცები;
  • ზედმიწევნით დაცული უნდა იყოს დაწესებულების დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები.

მნიშვნელოვანია!
ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, რეკომენდაციები და ვალდებულებები ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს.

დოკუმენტის სრული ტექსტი:  N15-დანართი

თვალი ადევნეთ ვეგბვერდებს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის სამინისტრო: https://www.moh.gov.ge/
  • დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი: https://www.ncdc.ge/
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია: http://gsa.ge/
  • კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საინფორმაციო პორტალი: https://stopcov.ge/

ამავე თემაზე:

რეკომენდაციები საქართველოში მოქმედ სტომატოლოგიურ კლინიკებს | COVID-19

სტომატოლოგიური კლინიკების საქმიანობის რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსის (2019-NCOV) გავრცელების პრევენციის რეკომენდაციები სტომატოლოგებისთვის | GSA | NCDC