განახლდა: 04.02.2024
დაინტერესებულმა ადამიანმა სად შეიძლება მოიძიოს ინფორმაცია აკრედიტებული პროგრამების შესახებ?
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://gsa.ge/educational-programs/
სხვა ორგანიზაციების მიერ აკრედიტებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია თავსდება რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე: https://rama.moh.gov.ge/
ზოგად-პროფილური 2 კურსის გავლით მოგროვებული ქულებით, შეიძლება პრობლემა შეექმნას სტომატოლოგს? მაგ. პირველადი დახმარების და ინფექციების პრევციისა და კონტროლის ტრენინგით?
არა, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა, ამ ეტაპზე, არ განსაზღვრავს პროგრამის ვიწრო შინაარსს. თუმცა, რეგულაცია მიზნად ისახავს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში ექიმების მონაწილეობასა და საკუთარ სპეციალობაში ახალი ცოდნის მიღებას, შესაბამისად, სასურველია, ვიწრო სპეციალიზებული კურსების გავლაც.
ერთი და იგივე ტრენინგი ყოველ წელს შეიძლება გაიაროს ექიმმა?
შესაძლებელია. აკრედიტებულ პროგრამებს განსაზღვრული აქვს ვადა, რის შემდეგაც პროგრამის შინაარსი ახლდება. გარდა ამისა, არის საკითხები, რომელთა ყოველწლიურად გავლა და ცოდნის გაახლება რეკომენდებულია, როგორიცაა პირველადი დახმარება, ინფექციების პრევენცია და კონტროლი და სხვ. ერთი წლის განმავლობაში ერთი და იმავე აკრედიტაციის მქონე ტრენინგის გავლა ორჯერ არ შეიძლება (არ ჩაითვლება).
თუ სახელმწიფო სერტიფიკატი რამდენიმე დამოუკიდებელ სტომატოლოგიურ სპეციალობაში მაქვს, ყველაში ცალ-ცალკე უნდა დავაგროვოთ 20-20 ქულა?
არა, ერთმა ექიმმა სპეციალისტმა წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს 20 უპგ ქულა იმის მიუხედავად, რამდენ სტომატოლოგიურ სპეციალობაში აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი. ჯამურად უნდა დაგროვდეს 20 ქულა.
ვისაც ახალი აღებული აქვს სერტიფიკატი, რამდენ ხანში უნდა დაიწყოს ქულების შეგროვება?
სერტიფიკატის აღებისთანავე დაიწყოს ქულების დაგროვება, რადგან შეფასება მოხდება სერტიფიცირებიდან ერთი წლის გავლის შემდეგ.
როგორ მოხდება საზღვარგარეთ გავლილი კურსების აღიარება?
საქართველოში აღიარდება საზღვარგარეთ გავლილიკურსები, თუ ისინი აკრედიტებულია იმ ქვეყნის შესაბამისი მააკრედიტებელი ორგანოების მიერ.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა შესაბამისი ორგანოების მიერ აკრედიტებული უსგ აქტივობები/მიმწოდებლები აღიარებულია საქართველოში:
ა) ევროკავშირის ქვეყნები: ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ირლანდია, საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია;
ბ) ავსტრალია;
გ) კანადა;
დ) ისლანდია;
ე) ისრაელი;
ვ) იაპონია;
ზ) სამხრეთი კორეა;
თ) ახალი ზელანდია;
ი) ნორვეგია;
კ) შვეიცარია;
ლ) ამერიკის შეერთებული შტატები;
მ) ლიხტენშტეინი;
ნ) სამხრეთი აფრიკა.
უნივერსიტეტებში ლექტორებად დასაქმებულ სტომატოლოგებს თუ მიენიჭებათ ქულები? რა პრინციპით?
ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, არსებობს უსგ-ის შემდეგი ფორმები: დასწრებული, დაუსწრებელი და სამეცნიერო. უსგ-ის სამეცნიერო ფორმებს მიეკუთვნება მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს ან კლინიკური რეკომენდაციის (გაიდლაინი)/კლინიკური სტანდარტის (პროტოკოლი) გამოქვეყნება და/ან მომზადება/აღიარება; საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო ნაშრომის/ სისტემური მიმოხილვის მომზადება/გამოქვეყნება.
შესაბამისად, აკადემიურ პერსონალს, რომელიც ჩართულია ზემოაღნიშნულ ფორმის სამეცნიერო აქტივობებში, მიენიჭებათ უპგ ქულები შემდეგი განაწილებით:
- მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს მომზადება/გამოცემა – არაუმეტეს 24 უპგ ქულა;
- კლინიკური რეკომენდაციის (გაიდლაინი)/კლინიკური სტანდარტის (პროტოკოლი) მომზადება/აღიარება – არაუმეტეს 12 უპგ ქულა;
- საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო ნაშრომის და/ან სასწავლო მასალის გამოქვეყნება:
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 0:
პირველი ავტორი – 2 უპგ ქულა (არაუმეტეს);
სხვა ავტორები – 1 უპგ ქულა (არაუმეტეს).
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი ≤3:
პირველი ავტორი – 4 უპგ ქულა (არაუმეტეს);
სხვა ავტორები – 2 უპგ ქულა (არაუმეტეს).
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი ≤6:
პირველი ავტორი – 8 უპგ ქულა (არაუმეტეს);
სხვა ავტორები – 4 უპგ ქულა (არაუმეტეს).
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 6-ზე მეტი:
პირველი ავტორი – 12 უპგ ქულა (არაუმეტეს);
სხვა ავტორები – 6 უპგ ქულა (არაუმეტეს).
- საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო ნაშრომის და/ან სასწავლო მასალის მიმოხილვის გამოქვეყნება:
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 0 – 1 უპგ ქულა (არაუმეტეს);
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი ≤3 – 3 უპგ ქულა (არაუმეტეს);
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი ≤6 – 6 უპგ ქულა (არაუმეტეს);
- ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 6-ზე მეტი – 10 უპგ ქულა (არაუმეტეს).
- დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის ავტორს (ავტორთა ჯგუფს) სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციისას ენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა (არაუმეტეს).