საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასა და ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასა და ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტ ბათუმს (BAU International University, Batumi) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა და ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირინე იმერლიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თამთა ჩიქობავა.

პარტნიორობა მიზნად ისახავს დარგში აკადემიური და პროფესიული კავშირების გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინიციატივების განხორციელებას, ასევე სტუდენტებისთვის კლინიკური უნარებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და მასტერკლასების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე სტომატოლოგიური განათლებისა და პრაქტიკის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯია ქვეყანაში სტომატოლოგიური განათლების ხარისხის ამაღლებისა და მომავალი თაობის პროფესიული მხარდაჭერის გზაზე.

BAU-ბათუმის რექტორი ირინე იმერლიშვილი, BAU-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი თამთა ჩიქობავა და ქეთევან გოგილაშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
Skip to main content