საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ თელავში კახეთის რეგიონის ექიმებისთვის ტრენინგები ჩაატარა

2025 წლის 11-12 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ თელავში, კახეთის რეგიონში მოღვაწე ექიმი-სტომატოლოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება“, რომელიც მოიცავდა პირველადი დახმარებისა და ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებს.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს განახლებული ინფორმაცია და პრაქტიკული რეკომენდაციები კლინიკაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისა და გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციების ეფექტური მართვის შესახებ. სასწავლო კურსს უძღვებოდნენ „პირველადი დახმარების ცენტრის“ ტრენერი თამარ ადეიშვილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი ზურაბ ალხანიშვილი.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ასოციაციის უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში სტომატოლოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.