სახელმძღვანელოზე ავტორთა გუნდმა იმუშავა: ქეთევან გოგილაშვილი, სოფიო სამხარაძე, მარიამ ქურციკიძე, ნინო ნებიერიძე და მარიამ ხარძიანი.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა ავტორმა, ქეთევან გოგილაშვილმა აღნიშნა, ეს წიგნი მისთვის მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის.
“ეს არის ერთგულებისა და ურთიერთპატივისცემის ისტორია, რომელიც ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ავტორებთან ერთად შევქმენი. მიხარია, რომ მათ წარმატებაში, ავტორობის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებში ჩემი წვლილი შევიტანე. ამ პროცესში მქონდა შესაძლებლობა, მათი ხმა გამეგო პროფესიულ ლიტერატურაში. ვამაყობ, რომ ეს გზა ერთად ღირსეულად გავიარეთ,“ – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.
სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ეს გამოცემა თაობათა შორის ცოდნისა და პასუხისმგებლობის წარმატებული გადაცემის სიმბოლოა. “ეს წიგნი არის მტკიცებულება იმისა, რომ სწორად დანახული და გაზრდილი თაობა მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს პროფესიის მომავალზე!“ – აღნიშნა ქეთევან გოგილაშვილმა ბათუმში გამართულ პრეზენტაციაზე.
ახალი ორტომეული მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული სამედიცინო ლიტერატურისთვის და ის მომავალ თაობებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.