2025 წლის 11-12 ივლისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მაღალი ინტერესის ფონზე ჩატარდა. ღონისძიებამ თავი მოუყარა სტომატოლოგიის სფეროს წამყვან ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას უახლესი მიღწევები და კლინიკური გამოცდილება გაუზიარეს.
კონგრესის პირველ დღეს, დოქტორმა სპიროს ფლორატოსმა (საბერძნეთი) წარმოადგინა მოხსენება ენდოდონტიაში იატროგენული შეცდომებისა და პერსისტენტული ინფექციების მართვის თანამედროვე მეთოდებზე. ასევე, შედგა ენდოდონტიის ახალი, ორტომეული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. დღის მეორე ნახევარში თეა ნაცვლიშვილმა პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში გართულებების მენეჯმენტის საკითხები განიხილა, ხოლო მარიამ ქურციკიძემ და ნინო ნებიერიძემ საღეჭი კბილების რესტავრაციის პრინციპებზე ჩაატარეს პრაქტიკული კურსი (Hands-On).
კონგრესის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო იყო. პროფესორმა ეუჯენიო პედულამ (იტალია) ისაუბრა ენდოდონტიური მკურნალობის მინიმიზაციის სტრატეგიებზე. ზურაბ იაკობიშვილმა დამსწრეებს კბილის პრეპარირების თანამედროვე მიდგომები გააცნო. ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, განიხილა პუბერტატის ფაზაში მიმდინარე ცვლილებების გავლენა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. კონგრესი დაასრულა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, სოფიო სამხარაძის, ლექციამ და Hands-on კურსმა რთულ ენდოდონტიურ შემთხვევებში ფესვის არხის საბჟენი მასალების ოპტიმალური არჩევანის შესახებ.