ადამიანის მიკრობიომმა ახლახან შეიძინა ახალი განზომილება: მეცნიერებმა აღმოაჩინეს რნმ-ის პაწაწინა ნაწილაკები, იმაზე პატარები, ვიდრე ვირუსებია (შედარებისთვის, ვირუსები ბაქტერიებზე 10-ჯერ, 100-ჯერ და ზოგჯერ 1000-ჯერ უფრო პატარებია). ისინი იმდენად მცირე ზომისაა, რომ სიცოცხლის სტანდარტულ ფორმად მიჩნევა რთულია. მათ „ობელისკები“ უწოდეს. ისინი ვირუსების მსგავსი ელემენტებია და პირის ღრუს და ნაწლავების მიკრობიოტაში არსებულ ბაქტერიებში ცხოვრობენ.
ჩვენს ნაწლავებში ტრილიონობით პაწაწინა ორგანიზმია, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტებიც კი. სწორედ ამ ეკოსისტემას ეწოდება მიკრობიოტა. ხოლო როცა ვსაუბრობთ ამ ორგანიზმების გენომზე და ვსვამთ კითხვებს „რა არის მათ შიგნით“ ან „რას აკეთებენ“, ეს უკვე მიკრობიომია. ობლისკები ამ ეკოსისტემის ნაწილია. მათმა აღმოჩენამ კი ეჭვქვეშ დააყენა მიკრობული სიცოცხლის ფორმების ტრადიციული გაგება. მაინც რასთან გვაქვს საქმე?
ობელისკები უნიკალური, რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) უმცირესი ნაწილაკებია. მათ შეუძლიათ წარმოქმნან საკუთარი ცილები, რომლებსაც „ობლინები“ ეწოდა. ობელისკები ამ უნარით ჰგვანან ვირუსებს და განსხვავდებიან ვიროიდებისგან.
ობელისკებს, ვირუსების მსგავსად, რეპლიკაციისთვის (გამრავლებისთვის) მასპინძელი უჯრედი სჭირდებათ. გაირკვა, რომ ობელისკების ერთ-ერთი პოტენციური მასპინძელი უჯრედი ბაქტერია Streptococcus sanguinis-ია, რომელიც, როგორც წესი, ადამიანის პირის ღრუში გვხვდება და კბილის ნადების შემადგენელი ნაწილია.
აღმოჩენა ბადებს საინტერესო კითხვებს ობელისკების როლზე ადამიანის ჯანმრთელობაში, ისინი შეიძლება იყვნენ ჩვენი მიკრობული ეკოსისტემის მავნე, სასარგებლო ან უბრალოდ პასიური ბინადრები.
მეცნიერებმა ბაქტერიების გენეტიკური კვლევებით დაადგინეს, რომ ობელისკები ბინადრობენ ნაწლავის ბაქტერიების დაახლოებით 7%-ში და პირის ღრუს ბაქტერიების 50%-ში ყველა კონტინენტზე მაცხოვრებელ ადამიანებში. 50% საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობაა. ასევე, როგორვ ზემოთ აღვნიშნეთ, მათი გენომი რნმ-ზეა დაფუძნებული. რნმ არის დნმ-ის მსგავსი მოლეკულა და სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს ასრულებს ორგანიზმში, მათ შორისაა მისი შესაძლებლობა, იმოქმედოს როგორც როგორც მესინჯერმა, ანუ ცილის სინთეზისთვის დნმ-დან წაიღოს ინსტრუქციები. ორგანიზმების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც გენეტიკურ ინფორმაციას დნმ-ში ინახავენ, ობელისკებს მხოლოდ რნმ აქვთ, რაც კიდევ ერთი საინტერესო და რთული ასპექტია მათი ბუნების.
რატომაა ეს აღმოჩენა საინტერესო და რა პერსპექტივებს აჩენს?
ადამიანის მიკრობიომში ობელისკების ასეთი მნიშვნელოვანი კონცენტრაცია მიგვანიშნებს, რომ მათ პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ის შეიძლება ზემოქმედებდეს ყველაფერზე, დაწყებული საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, დასრულებული ჩვენი იმუნიტეტით. კვლევამ აჩვენა, რომ ობელისკები შეიძლება თანაცხოვრობდნენ ჩვენს ორგანიზმში 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ ხანგრძლივი გავლენა მათ მასპინძლებზე – ანუ ჩვენზე.
ობელისკებმა შესაძლოა გადამწყვეტი როლი შეასრულონ ნაწლავებში და პირის ღრუში მიკრობული პოპულაციის ბალანსის შენარჩუნებაში. იმის შესწავლით, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ობელისკები მიკრობიოზურ მასპინძლებთან, მკვლევრებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი მიკრობიოტას საერთო სტაბილურობასა და მრავალფეროვნებაზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნების ან აღდგენის ახალ სტრატეგიებამდე.
ობელისკები და პირის ღრუს ჯანმრთელობა
თუ აღმოჩნდება, რომ ობელისკებს სასარგებლო გავლენა აქვთ მათ მასპინძელ ბაქტერიებზე, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასარგებლო მიკრობების ზრდისთვის ან მავნე მიკრობების დასათრგუნად. მაგალითად, თუ ობელისკები დაეხმარება Streptococcus sanguinis-ს კონკურენცია გაუწიოს უფრო მავნე ბაქტერიებს, როგორიცაა Streptococcus mutans, მათი გამოყენება შესაძლებელია კბილის კარიესის და პირის ღრუს სხვა დაავადებების რისკის შესამცირებლად. მაინც როგორ?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ობელისკების ერთ-ერთი ძირითადი მასპინძელი უჯრედი ბაქტერია Streptococcus sanguinis-ია. S. sanguinis კბილის ზედაპირის ერთ-ერთი ადრეული კოლონიზატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირველ ბაქტერიებს შორისაა, რომლებიც კბილებს ეკვრიან და იწყებენ კბილის ნადების წარმოქმნას. ეს ბაქტერიები აწარმოებენ წებოვან ნივთიერებებს, რომლებიც მათ კბილებთან მიმაგრების საშუალებას აძლევს და ქმნიან მატრიქსს, რომელსაც შემდეგ სხვა ბაქტერიებიც ეწებებიან და შედეგად ყალიბდება ბაქტერიული ბიოაპკი. პროცესის დაწყებიდან საშუალოდ 24 საათში, ბაქტერიული ბიოაპკი იზრდება ჩამოფრცქვნილი ეპითეულიმის, მაკროფაგების, საკვები ნარჩენების შეწებებით და გარდაიქმნება კბილის ბალთად. ბაქტერიული ბიოაპკი თუ თვალისთვის შეუმჩნეველია, ბალთა უკვე ხილვადია. პირის ღრუში არსებული მინერალების ზემოქმედებით ბალთა შეიძლება კალციფიცირდეს, ანუ გამყარდეს, რასაც ჩვენ კბილის მაგარი ნადების ან ქვის სახით ვხედავთ.
Streptococcus sanguinis ნაკლებად აციდოგენურია (ნაკლებად წარმოქმნის მჟავას) ვიდრე სხვა ბაქტერიები, როგორიცაა მაგალითად Streptococcus mutans. S. mutans და ბიოაპკის სხვა ბინადარი ბაქტერიები. მათ მიერ გამომუშავებული მჟავები კბილის მინანქრის დემინერალიზაციას (მინერალების შემცირება) იწვევს, რაც კარიესის მთავარი გამომწვევი მიზეზია.
საინტერესოა ისიც, რომ Streptococcus sanguinis-ს შეუძლია ერთგვარი დამცავი როლიც ითამაშოს, როცა კონკურენციაში შედის უფრო მავნე ბაქტერიებთან, როგორიცაა მაგ. Streptococcus mutans. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ კბილის ნადებში Streptococcus sanguinis-ის უფრო მაღალი წილი, შეიძლება დაკავშირებული იყოს კბილის კარიესის დაბალ რისკთან, რადგან მასში მავნე S. mutans-ის კონცენტრაცია უფრო დაბალი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ობელისკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მასპინძლებზე, ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასარგებლო ბაქტერიების (S. Sanguinis-ის) გამრავლების ხელშესაწყობად, მავნე ბაქტერიების დასათრგუნად / შესამცირებლად, ამით კი სტომატოლოგიური დაავადებების პრევენცია იქნება შესაძლებელი.
პუბლიკაცია სრულად გამოქვეყნდა სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმაზე Civil.ge. იხილეთ სრულად: https://civil.ge/ka/archives/622665