The Journal of Dental Research აქვეყნებს გაიდლაინს სტომატოლოგებისთვის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ, რომელიც ეფუძნება ვუჰანის მკვლევარების ანალიზს. იხილეთ სრულად: https://journals.sagepub.com/doi/full/10.1177/0022034520914246
პუბლიკაციაში ვკითხულობთ:
ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი სტომატოლოგიურ დაწესებულებებში
სტომატოლოგიური პაციენტები, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან იღებენ სტომატოლოგიურ მომსახურებას მაღალი სიჩქარის ბუნიკებით ან ულტრაბგერითი აპარატებით, გარემოში ავრცელებენ თავის სეკრეციების (გამონაყოფის), ნერწყვის და სისხლის აეროზოლებს.შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით პირის ღრუს ქსოვილების კონტამინაცია კლინიკის დაბინძურებული გარემოს გამოყენების ან მის მიმართ ექსპოზიციის დროს. ამის შემდეგ, ინფექციური დაავადებები შეიძლება განვითარდეს ბასრი ინსტრუმენტების პუნქციის ან ლორწოვანი გარსის დაბინძურებულ ხელებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად. (Kohn et al. 2003).
სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში მიღებული/აპრობირებული სტანდარტული დაცვის საშუალებები არაა საკმარისად ეფექტური COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, განსაკუთრებით, როდესაც პაციენტი ინკუბაციურ პერიოდში იმყოფება, არ იცის რომ დაინფიცირებულია ან საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა, რომ არ გაასაჯაროოს მისი ინფექცია.
ინფექციების კონტროლის ეფექტიანი პროტოკოლები
ხელების ჰიგიენა ყოველთვის მიიჩნეოდა მიკროორგანიზმების პაციენტებზე გადაცემის რისკის შემამცირებელ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად (Larson et al. 2000). SARS-CoV-2 აქტიურად ვრცელდება ზედაპირებზე – რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში – გამომდინარე ზედაპირის ტიპიდან, ტემპერატურიდან ან გარემოს ტენიანობიდან (WHO 2020c). შესაბამისად, დღის წესრიგში კიდევ უფრო კრიტიკულად დგება ხელის ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ყველა სახის ზედაპირების საფუძვლიანი დეზინფექცია. კანის და ლორწოვანის (პოტენციურად) დაინფიცირებული სისხლის ან სეკრეციებისგან დასაცავად, რეკომენდებულია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (მათ შორის ნიღბების, ხელთათმანების, ერთჯერადი ხალათების და სათვალეების ან სახის ფარების) გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ რესპირაციული წვეთები SARS-CoV-2 -ს გადაცემის ძირითადი გზაა, რუტინულ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში რეკომენდებულია ისეთი კონკრეტული რესპირატორების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ უშუალოდ მოცემული შემთხვევებისთვის განკუთვნილი ან ევროკავშირის მიერ რეკომენდებული №95 ნიღბები და FFP2 სტანდარტული პირბადეები.
აღნიშნულ პუბლიკაციას ავრცელებს International Association for Dental Research (IADR), რომელიც The Journal of Dental Research-ის თანამფლობელია და ავრცელებს რეკომენდაციებს:
COVID-19- ის ეპიდემიის პირობებში რეკომედებულია წინასწარ მოხდეს შემოწმება, რათა შეფასდეს და დაფიქსირდეს ტემპერატურის მატება როგორც სამედიცინო პერსონალში, ისე პაციენტებში;
პირის ღრუს ანტიმიკრობულ სავლებს შეუძლია პირის ღრუში არსებული მიკრობების რაოდენობის შემცირება;
გადაუდებელი სტომატოლოგიური შემთხვევები შეიძლება დაფიქსირდეს და გამწვავდეს საკმაოდ მოკლე დროში. შესაბამისად, მათზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. სტომატოლოგიური პროცედურების წარმოებისას, საიზოლაციო სისტემის (რაბერ დამის) და მაღალი სიმძლავრის ნერწყვგამწოვის გამოყენება აეროზოლების და შხეფების შემცირებაში შეიძლება დაგვეხმაროს. მკურნალობის დაგეგმვა კბილის მოტეხილობის, ლუქსაციის ან ამოვარდნილობის შემთხვევაში, დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ტრავმის სიმძიმეზე, აპექსის მდგომარეობაზე და დროის ხანგრძლივობაზე.
იმ რეგიონებში, სადაც COVID-19-ის მაღალი გავრცელება აღინიშნება, სტომატოლოგიური კლინიკები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შესაბამისი სამედიცინო პირბადეებით, რათა მათი გამოყენება რიგში ჩამდგარმა პაციენტებმა თავისუფლად შეძლონ. იმ შემთხვევაში, თუ სტომატოლოგისთვის გარდაუვალია ისეთი პროცედურის წარმოება, რომელთა შედეგადაც დიდი რაოდენობების აეროზოლები წარმოიქმნება, სტომატოლოგებმა აუცილებლოდ უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ხალათები, სახის ფარები ან სათვალე.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სულ მცირე ოთხი ტიპი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ძალიან მსუბუქ ინფექციებს იწვევს, მაგალითად, გაციებას. ცხოვრების გარკვეულ მომენტში, ადამიანთა უმეტესობა ერთი ან რამდენიმე ამ ვირუსით ერთხელ მაინც ინფიცირდება.
კიდევ ერთმა კორონავირუსმა, რომელიც 2003 წელს ჩინეთში გავრცელდა, უფრო მწვავე დაავადება გამოიწვია, რომელსაც მწვავე რესპირატორული სინდრომი, იგივე SARS-ი უწოდეს. ვირუსით მაშინ 8098 ადამიანი დაინფიცირდა, 774 კი გარდაიცვალა.
2012 წელს საუდის არაბეთში გამოჩნდა კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, იგივე MERS-ი უწოდეს.
რაც შეეხება ახალ ვირუსს, მას SARS-CoV-2 უწოდეს, მისგან გამოწვეულ დაავადებას კი COVID-19. COVID-19 ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია და მუდმივად იცვლება რეკომენდაციები, შესაბამისად, თვალი ადევნეთ სამეცნიერო სიახლეებს.