დენტალური  (ინტრაორალური) რენტგენოდანადგარებისათვის ლიცენზირების ნაცვლად რეგისტრაციის მექანიზმი ამოქმედდა

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (GSA) გაცნობებთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ. 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის №525 დადგენილება (2025 წლის 3 დეკემბერი), რომლის საფუძველზეც ავტორიზაციის სისტემაში ახალი მექანიზმი – რეგისტრაცია – დაინერგა.

რა იცვლება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის?

აქამდე დენტალური და ინტრაორალური რენტგენოდიაგნოსტიკური მოწყობილობების გამოყენება საჭიროებდა ლიცენზიას. ახალი რეგულაციით, აღნიშნული საქმიანობა გადავიდა რეგისტრაციის კატეგორიაში.

რეგისტრაცია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ პირისათვის მინიჭებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების უფლებაა, რომელიც უფრო მარტივ პროცედურას გულისხმობს.

გარდამავალი პერიოდი და ვალდებულებები:
  • 2026 წლის 31 დეკემბრამდე  ყველა სტომატოლოგიურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს არსებული ლიცენზიის რეგისტრაციით შეცვლა.
  • კლინიკებმა უნდა მიმართონ თავიანთ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებიც უწევენ ტექნიკურ მომსახურებას (დოზიმეტრული კონტროლი, რ/დანადგარის ხარისხის კონტროლი და სხვა.), რათა დროულად მომზადდეს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ ეხება ექსტრაორალურ რენტგენოდიაგნოსტიკურ დანადგარებს. პროცესის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დაუკავშირდით თქვენს პარტნიორ ორგანიზაციებს.