პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 2026: FDI მოუწოდებს მთავრობებს, გაეროს ვალდებულებები რეალურ ქმედებებად აქციონ

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის (WOHD) ფარგლებში, FDI-ის (სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია) მოწოდებაა, რომ მთავრობებმა 2025 წლის გაეროს პოლიტიკური დეკლარაციით აღებული ვალდებულებები არაგადამდები დაავადებებისა (NCDs) და მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნან.

2025 წლის 15 დეკემბერს მიღებული დეკლარაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან გარდამტეხ ეტაპს გლობალური პირის ღრუს ჯანმრთელობის პოლიტიკაში. პირის ღრუს დაავადებები მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს – დაახლოებით 3.7 მილიარდ ადამიანს – აზიანებს, თუმცა ისტორიულად ისინი გლობალურ ჯანდაცვით სტრატეგიებში ნაკლებ ყურადღებას იღებდნენ. მათი ჩართვა არაგადამდები დაავადებების დღის წესრიგში ასახავს ათწლეულზე მეტხანს მიმდინარე ადვოკატირების პროცესს, რომელსაც სტომატოლოგიური საზოგადოება, მათ შორის FDI და მისი პარტნიორები, ახორციელებდნენ.

ახლა მთავრობების ამოცანაა, ეს პოლიტიკური ვალდებულებები გადაიყვანონ ეროვნულ პოლიტიკებში, მდგრად ფინანსურ მექანიზმებში და ინტეგრირებულ ჯანდაცვით პროგრამებში, რომლებიც გააძლიერებს პრევენციას და გააფართოებს ხელმისაწვდომობას აუცილებელ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე – განსაკუთრებით იმ ჯგუფებისთვის, რომელთაც ყველაზე დიდი ბარიერები აქვთ.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის შემქმნელებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და თემებს, რათა ხელი შეუწყონ ქმედებებს პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ეს დღე ყოველწლიურად 20 მარტს აღინიშნება და ხაზს უსვამს პირის ღრუს ჯანმრთელობის კრიტიკულ როლს ზოგად ჯანმრთელობაში, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხში.

2026 წელი ასევე წარმოადგენს FDI-ის სამწლიანი გლობალური კამპანიის “A Happy Mouth is…“ დასკვნით ეტაპს. წლევანდელი თემა — „A Happy Mouth Is… A Happy Life“ – უსვამს ხაზს პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობას ცხოვრების ყველა ეტაპზე.

“ორსულობიდან, ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ხანდაზმულობამდე, ჯანმრთელი პირის ღრუ უზრუნველყოფს ადამიანების შესაძლებლობას იკვებონ, ისაუბრონ, ურთიერთობდნენ და იცხოვრონ ღირსეულად და თავდაჯერებულად,“ – აღნიშნავს დოქტორი ანა ლელა, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე. “მიუხედავად ამისა, პირის ღრუს დაავადებები კვლავაც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობად, მაშინ როცა ისინი დიდწილად პრევენცირებადია.“

პირის ღრუს დაავადებებს საერთო მოდიფიცირებადი რისკფაქტორები აქვთ სხვა არაგადამდებ დაავადებებთან, მათ შორის თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მავნე გამოყენება და შაქრით მდიდარი არაჯანსაღი კვება – რაც კიდევ უფრო ამყარებს მათი ინტეგრაციის აუცილებლობას ეროვნულ პრევენციულ სტრატეგიებში.

“გაეროს პოლიტიკურმა დეკლარაციამ შეცვალა პირის ღრუს ჯანმრთელობის პოლიტიკის ლანდშაფტი,“ — ამბობს ასოცირებული პროფესორი დოქტორი ნიკოლაი შარკოვი, FDI-ის პრეზიდენტი. “ახლა პოლიტიკის შემქმნელებმა და მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ პირის ღრუს ჯანმრთელობის ინტეგრაცია უნივერსალური ჯანდაცვის სისტემებში და არაგადამდები დაავადებების ეროვნულ სტრატეგიებში, პარალელურად პრევენციაში ინვესტირებით. უთანასწორობის შესამცირებლად აუცილებელია ძლიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.“

რეალური პროგრესის მიღწევა დამოკიდებული იქნება მრავალსექტორულ პარტნიორობებზე, მათ შორის ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე, როგორიცაა Haleon, Smile Train, Solventum და Dentsply Sirona, რომლებიც ხელს უწყობენ გლობალურ ინიციატივებს, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს.

“მიუხედავად იმისა, რომ გლობალური აღიარება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, სწორედ პარტნიორობები იძლევა რეალური გავლენის მასშტაბირების შესაძლებლობას,“ – ამბობს ჯაიანტ სინგჰი, Haleon-ის გლობალური პირის ღრუს ჯანმრთელობის ხელმძღვანელი.

“ყველას აქვს თავისი როლი პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. სექტორებს შორის თანამშრომლობით შესაძლებელია გაფართოვდეს წვდომა ისეთი მომსახურებებზე, როგორიცაა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მკურნალობა,“ – აღნიშნავს დოქტორი მონიკა დომინგესი, Smile Train-ის გლობალური პროგრამების დირექტორი.

დღევანდელი გლობალური ყურადღება გვახსენებს, რომ მთავარი გამოწვევა ახლა არის პოლიტიკური იმპულსის შენარჩუნება და მისი გადაქცევა რეალურ, გაზომვად შედეგებად.

“პირის ღრუს ჯანმრთელობა არის ზოგადი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის განუყოფელი ნაწილი. პროგრესი დამოკიდებულია თანამშრომლობაზე – როდესაც კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორები ერთიანდებიან, შესაძლებელია პრევენციის გაძლიერება, მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება და შედეგების გაუმჯობესება,“ — აცხადებს ქარიმ მანსური, Solventum-ის Dental Solutions-ის პრეზიდენტი.

მიზანი მკაფიოა: 2030 წლისთვის აღმოიფხვრას უთანასწორობა და პირის ღრუს ჯანმრთელობა აღიარებული იყოს, როგორც უფლება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.