GSA თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ თბილისის მე-13 საერთაშორისო კონგრესში აქტიური მონაწილეობა მიიღო

2024 წლის 17-18 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით, თბილისის მე-13 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ორი მნიშვნელოვანი პანელური დისკუსია გამართეს, რომლებიც დარგში არსებულ რეგულაციებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა.

ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, უხელმძღვანელა სესიას „სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები, არსებული გამოცდილება და რეკომენდაციები“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც სტომატოლოგიურ პრაქტიკაში არსებულ სიახლეებსა და მოთხოვნებზე ისაუბრეს.

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა, წაიყვანა პანელური დისკუსია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტრანსფორმაციები“. სესიაზე, რომელშიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მონაწილეობდნენ, განიხილეს ინფექციების პრევენციის, კონტროლისა და არაგადამდები დაავადებების მართვის გლობალური გამოწვევები და პერსპექტივები.