საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ეხმიანება 2020 წლის 5 მაისის მთავარ არხზე საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს. სიუჟეტის თანახმად, დღესდღეობით საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რაც სტომატოლოგების პროტესტის მიზეზი გახდა. ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყვება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის სინქრონი.
სინამდვილეში, ინტერვიუს დროს ამ საკითხზე გაკეთებული ალხანიშვილის კომენტარი შეეხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და არა საქართველოში არსებულ რეალობას. გასულ სიუჟეტში კონტექსტი სრულად შეცვლილია და გაშუქებულია ისე, თითქოს აღნიშნული პროტესტი სწორედ საქართველოში მიმდინარეობს.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ვალდებულად მიიჩნევს, გაავრცელოს აღნიშნული განცხადება, რათა მოსახლეობა არ იქნეს შეცდომაში შეყვანილი.
აქვე განვმარტავთ, რომ, ასოციაციის ინფორმაციით, დღესდღეობით სტომატოლოგიური კლინიკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგების პრობლემა არ ფიქსირდება. აქტიურად მიმდინარეობს მარაგების შევსება და კლინიკები გეგმიური მომსახურების აღდგენისთვის ემზადებიან.