2024 წლის აპრილში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ რეგიონებში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ციკლი განაგრძო. 6 აპრილს ღონისძიებას ზუგდიდმა, ხოლო 27 აპრილს — ქუთაისმა უმასპინძლა. კონფერენციებმა ადგილობრივ სტომატოლოგებს საშუალება მისცა, გაცნობოდნენ სფეროში არსებულ სიახლეებსა და თანამედროვე კლინიკურ პროტოკოლებს.
პროგრამა მრავალფეროვანი და აქტუალური თემებით იყო დატვირთული. ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ისაუბრა ანტიბიოტიკოთერაპიის როლზე პაროდონტოლოგიაში. მომხსენებლებმა, მათ შორის თეა ნაცვლიშვილმა, ვახტანგ გოგუამ, მარიამ ხარძიანმა, თინათინ სვანიშვილმა, ზურაბ ალხანიშვილმა, სალომე ჯმუხაძემ და ზურაბ იაკობიშვილმა, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა რეცესიების მკურნალობა, ტრავმული დაზიანებები, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები, პერსონალური მონაცემების დაცვის რეგულაციები და კბილთა პრეპარირების თანამედროვე წესები.
