პირველი მკვლევარი. იცით, ვინ იყო James Lind-ი?

მტკიცებითი მედიცინა მეცნიერებაა, რომელიც დაავადებათა ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საიმედო, ეფექტიან და უსაფრთხო მეთოდებზე გვაძლევს ინფორმაციას (მტკიცებულებებს); სწორედ ამიტომ არის, რომ სამედიცინო პრაქტიკაში მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მტკიცებულებები მედიცინაში კი – მხოლოდ ობიექტური, ხარისხიანი კვლევების ჩატარების შემდეგ ჩნდება.

იცით ვის მიერ ჩატარდა პირველი კვლევა, რომელიც მედიცინის ისტორიაში პირველი მაგალითი იყო და რომელმაც სამედიცინო პრაქტიკისთვის მკურნალობის მეთოდების შედარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მიუთითა?

ეს იყო შოტლანდიელი ექიმი James Lind-ი (1716-1794 წწ.). მან პირველი კლინიკური კვლევა და მკურნალობის მეთოდთა ეფექტიანობის შედარება ჩაატარა. მე-18 საუკუნეში, Lind-ის მოღვაწეობის პერიოდში, სურავანდი მეზღვაურებში ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება იყო. სურავანდი საკვებში C ვიტამინის ნაკლებობით ან სრული არარსებობით გამოწვეული დაავადებაა, რომლისთვისაც სხვადასხვა კლინიკური ნიშანია დამახასიათებელი, მათ შორის ღრძილებიდან და ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, ღრძილების ჭარბი ზრდა, ჰემორაგიული გამონაყარი, კბილების მორყევა, საერთო სისუსტე, სახსრების და კიდურების ტკივილი, იმუნიტეტის დაქვეითება. ექიმებმა არ იცოდნენ, რომ ამ დაავადებას C ვიტამინის ნაკლებობა იწვევდა, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების არარსებობის გამო კი, ყოველწლიურად, ათასობით მეზღვაური იღუპებოდა. 1747 წელს, Lind-ი ერთ-ერთ გემზე ექიმად მუშაობდა. მან ექსპერიმენტის ჩატარება და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის ეფექტიანობის შედარება გადაწყვიტა. Lind-მა დაავადებულ მეზღვაურებს შორის, მაქსიმალურად მსგავსი კლინიკური სურათით 12 ადამიანი შეარჩია, 6 ჯგუფად დაყო და ერთმანეთისგან განსხვავებული დიეტა დაუნიშნა: 1. ვაშლის ღვინო, 2. ზღვის წყალი, 3. შაბიამნის ელექსირი, 4. ფაღარათის გამომწვევი ელექსირი, 5. ფორთოხალი და 6. ლიმონი.

ყველაზე სწრაფი და ეფექტური შედეგი ლიმნისა და ფორთოხლის დიეტაზე მყოფ მეზღვაურებს აღენიშნათ. მათი გამოჯანმრთელება 6 დღეში მოხდა სხვა ჯგუფის მეზღვაურებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაახლოებით 14 დღე დასჭირდათ. მცირე რაოდენობის ავადმყოფებზე ჩატარებული გამოკვლევის მიუხედავად, კვლევა იმ წესების დაცვით იყო ორგანიზებული, რაც დღეს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის სახელწოდებითაა ცნობილი. James Lind-ის მიერ ჩატარებული კვლევა პირველი მაგალითი იყო მედიცინის ისტორიაში, რომელმაც სამედიცინო პრაქტიკისთვის მკურნალობის მეთოდების შედარების (გამოკვლევის) აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მიუთითა.

ქეთევან გოგილაშვილი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი