2025 წლის 19-21 სექტემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, დაბა ბოშურში, სასტუმრო „სოლო გრანდში“ უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები ჩატარდა. ღონისძიების მთავარი სიახლე ახალი სასწავლო პროგრამის – „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია: პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კლინიკური პროტოკოლები“ – წარმატებული პილოტირება იყო.
აღნიშნული პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ერასმუს+ პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შემუშავდა, მიზნად ისახავს ქართველი სტომატოლოგების კვალიფიკაციის ამაღლებას სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების კუთხით, რაც სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.
ახალი პროგრამის პილოტირებასთან ერთად, მონაწილეებმა გაიარეს ასოციაციის აკრედიტებული კურსები: „ექიმის და პაციენტის უსაფრთხოება – ინფექციების პრევენცია და კონტროლი და პირველადი დახმარება სტომატოლოგიურ კლინიკაში“, რომელიც „პირველადი დახმარების ცენტრთან“ პარტნიორობით ხორციელდება, და „ადამიანის უფლებები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“.
ტრენინგებს უძღვებოდნენ პირველადი დახმარების ცენტრის ტრენერი ირაკლი ხეჩიკაშვილი და GSA-ს წარმომადგენელი ზურაბ ალხანიშვილი. პილოტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის აკრედიტებული სასწავლო კურსი უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული სტომატოლოგისთვის.
