ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-20 საიუბილეო კონგრესი გაიმართა

2024 წლის 12-13 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-20 საიუბილეო კონგრესი ჩატარდა. ღონისძიება, რომელიც ასოციაციის საქმიანობის ორ ათეულ წელს აღნიშნავდა, დატვირთული იყო მსოფლიო დონის სპიკერების მოხსენებებით, მასტერკლასებითა და პანელური დისკუსიებით.

კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს წამყვანმა უცხოელმა სპეციალისტებმა: კრისტინა ბელუჩიმ (იტალია) ფიზიოლოგიური ოკლუზიის აღდგენის ტექნიკებზე ისაუბრა, არონ ილიზაროვმა (აშშ) დენტალურ იმპლანტაციაში რისკების შეფასება განიხილა, ბორა კორკუტმა (თურქეთი) ფერშეცვლილი კბილების რესტავრაციის მეთოდები წარადგინა, ხოლო მასიმო პასიმ (იტალია) OT-Bridge-ის ტექნიკა გააცნო დამსწრეებს.

კონგრესის ფარგლებში ასევე მოხსენებები წაიკითხეს და მასტერკლასები ჩაატარეს წამყვანმა ქართველმა სპეციალისტებმა, მათ შორის სოფიო სამხარაძემ, თეა ნაცვლიშვილმა, ზურაბ ალხანიშვილმა, მარიამ ქურციკიძემ და ნინო ნებიერიძემ. საიუბილეო კონგრესმა მონაწილეების დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ასოციაციის როლი ქვეყანაში სტომატოლოგიის განვითარებაში.