ფრონტალური კბილების ესთეტიკური რეაბილიტაცია კომპოზიტური ვინირებით | თეა ჩუბინიძე

ღიმილი ურთიერთობის არავერბალური საშუალებაა, რომელიც უმთავრესად პოზიტიურ ემოციებს, კმაყოფილებას, სიამოვნებას გამოხატავს.

ესთეტიკური, ჰარმონიული და ფუნქციონალური ღიმილის მიღწევის სხვადასხვა მეთოდს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს კომპოზიტური რესტავრაცია. თანამედროვე კომპოზიტური მასალების და ადჰეზიური სისტემების თვისებები იძლევა საშუალებას მიღწეულ იქნას საიმედო ადჰეზია, ქიმიურად და ფიზიკურად მდგრადი ზედაპირი, პოლირების მაღალი ხარისხი, კბილის ნატურალური ქსოვილების ოპალესცენციის და ფლუორესცენციის იდენტური მახასიათებლები და მაღალესთეტიკური რესტავრაციები.

ჩვენი მიზანია კბილის ფერის, ფორმის და ფუნქციის აღდგენა, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საორიენტაციო ხაზებს შორის პარალელობის და ჰარმონიის მიღწევა, კბილთა სწორი გადმოკბილვის მიღება, ფუნქციონალური მიმმართველების აღდგენა, ფონეტიკის და დიქციის გაუმჯობესება და ა.შ.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ესთეტიკა შეიძლება იყოს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. ექიმს ყოველთვის არ შეუძლია გავლენა იქონიოს პაციენტის წარმოდგენაზე სილამაზისა და პროპორციის შესახებ. ამიტომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის სურვილები და შეხედულებები.