ღრძილის რეცესიასთან დაკავშირებული კბილის ყელის არაკარიესული დეფექტები | ქეთევან გოგილაშვილი

საერთაშორისო კლასიფიკაციის თანახმად, კბილის ყელის მიდამოს არაკარიესული დაზიანება (NCCL) მულტიფაქტორულ დაზიანებას წარმოადგენს, რომელიც სამ კატეგორიად იყოფა:

  • ეროზია – მაღალი მჟავიანობის შედეგად განვითარებული კბილის მაგარის ქსოვილების დაშლა;
  • აბრაზია – კბილის ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა, რომელიც მუდმივი მექანიკური გამღიზიანებლებით, მაგ. კბილის ჯაგრისის და პასტის ზემოქმედებით არის გამოწვეული;
  • აბფრაქცია – კბილის ქსოვილების პათოლოგიური დაკარგვა, რომელიც კბილის ყელის მიდამოში კონცენტრირებული სტრესის ფონზე ვითარდება. მაგ. გადაჭარბებული ოკლუზიური ბიომექანიკური დატვირთვა.

წლების განმავლობაში არსებობდა შეხედულება იმის შესახებ, რომ გადაჭარბებული ოკლუზიური დატვირთვა და პათოლოგიური თანკბილვა კბილის მინანქარ-დუღაბის საზღვრის მიდამოში ჰიდროქსიაპატიტის დაზიანებას, მათ ამოტეხვას და საბოლოოდ, კბილის ზედაპირზე V-ს ფორმის (სოლის ფორმის) დეფექტის განვითარებას იწვევდა. თუმცა უახლესი კვლევები მსგავსი ფენომენის არსებობას  და ოკლუზიური დატვირთვის გავლენას ყელის არაკარიესული დეფექტების განვითარებაზე არ ადასტურებს. ამიტომ 2017 წელს, პაროდონტისა და პერიიმპლანტური ქსოვილების დაავადებებისა და მდგომარეობების კლასიფიკაციის შექმნისას, ექსპერტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს „აბფრაქციული დეფექტების“ ბუნებაში არსებობის და ამ დიაგნოზის სისწორის საკითხი.

ყელის არაკარიესული დაზიანებები ღრძილის რეცესიის მქონე კბილებზე შეიძლება განვითარდეს.  Pini Prato-მ თანაავტორებთან ერთად, ღრძილის რეცესიის მიდამოში არსებული კბილის ყელის არაკარიესული დეფექტების კლასიფიცირება მოახდინა. მოხსემებაში წარმოგიდგენთ კბილის ყელის მიდამოს დაზიანებების ახალ კლასიფიკაციას.  ყელის არაკარიესული დეფექტების არსებობა ამცირებს ღრძილის რეცესიის ქირურგიული მკურნალობისას ფესვის ზედაპირის სრული დაფარვის ალბათობას, ამიტომ ქირურგიული ტექნიკის დაგეგმარებისას, ყელის არაკარიესული დაზიანების არსებობა და მისი ტიპი აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.