რა სიახლეებია მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტში

2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობები იცვლება. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციების პრევენციის და კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

პირველი სიახლე შეეხება სავალდებულო შეტყობინების ფორმას. კერძოდ, დოკუმენტში ვკითხულობთ:

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.

სააგენტო ვალდებულია, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით (სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს სტომატოლოგიური საქმიანობა.

დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.

შემდეგი სიახლე შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგს. ყველა კლინიკა ვალდებულია, ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი:

სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით:

ა) ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;

ბ) რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;

გ) ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;

დ) ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;

ე) მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა

ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა ინსტრუმენტების სასტერილიზაციო სივრცეში ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კასეტების ქონა:

კლინიკას უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია. ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი.

ხაზგასასმელია, რომ ტექნიკური რეგლამენტით წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპები შედგება:

წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა

ანუ, ეს ჩანაწერი ხაზს უსვამს, რომ წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა იყოს ორ ეტაპიანი.

ტენიკური რეგლამენტით განსაზღვრულია ინსტრუმენტების შენახვის პირობები:

ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 24​0C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)

ზემოაღნიშნულისთვის კლინიკას დასჭირდება შესაბამისი საზომი საშუალებები (ტემპერატურის + ტენიანობის)

სიახლე, რომელსაც ვხვდებით ტექნიკურ რეგლემენტში, არის ინსტრუმენტების სტერილიზაციის ბიოლოგიური კონტროლის ჩატარების ვადები:

სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით

დაზუსტდა კლინიკის პერსონალისთვის ნარჩენების მართვის საკითხებზე ჩასატარებელი ტრენინგების ჯერადობა (ვადები):

სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ  წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით

დაზუსტდა იმ პროტოკოლების ჩამონათვალი, რომელიც ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს:

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე:

  1. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, 
  2. ხელის ჰიგიენა,
  3. კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია, 
  4. ნარჩენების მართვა,
  5. დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება,
  6. მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვა

განახლებული ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი:

კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი  და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულებაში დასაქმებული ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, და ყოველწლიურად აგროვებდეს უსგ ქულებს. აღნიშნული მოთხოვნა ძალაში შედის 2025 წლიდან:

დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში

საზოგადოებაში აქტიური განხილვის საკითხი გახდა სავალდებულო იმუნიზაციის კომპონენტი. ახალი ტექნიკური რეგლემენტის მიხედვით, სავალდებულოდ განსაზღვრულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია:

ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია  B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით

თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამედიცინო პერსონალს ასევე მოეთხოვება გრიპის (სეზონურად) და წითელას და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის შესახებ მინისტრის 2019 წლის ბრძანების მიხედვით.

აქვე, დაზუსტდა C ჰეპატიტის სკრინინგის საკითხი:

6 თვეში ერთხელ – დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით

შეგახსენებთ, რომ როგორც C ჰეპატიტის სკრინინგი, ისე B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალისთვის ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.

იხილეთ განახლებული დოკუმენტი: https://shorturl.at/oEGLZ