კოლეგებო,
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სტომატოლოგების PCR ტესტირების პროგრამაში ჩართვის შესახებ. წერილის პასუხად ცენტრისგან მივიღეთ ინფორმაცია სტომატოლოგების პჯრ (PCR) დატესტვის თაობაზე. კერძოდ, როგორც ცენტრში განგვიმარტეს, 7 დეკემბრიდან სტომატოლოგები (და კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი) დაექვემდებარებიან სავალდებულო PCR ტესტირებას 14 დღეში ერთხელ. ტესტირება განხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამით სარგებლობისთვის უნდა დაუკავშირდეთ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ლაბორატორიებს და შეთანხმდეთ თანამშრომლობის პირობებზე. მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებული ლინკის საშუალებით:
https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N975 დადგენილებით დამტკიცებული „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის“ პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: ტესტირებას ექვემდებარება ნებისმიერი სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართულია სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისების მიწოდებაში, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალი, სოფლის ექიმისა და ექთნის ჩათვლით; ამასთან, ამავე წესის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კონტინგენტი ტესტირებას ექვემდებარებიან გეგმურად, 14 დღეში ერთხელ.