პაროდონტოლოგიური პაციენტის განათლება და მოტივაცია

კბილის ზედაპირიდან ნადების სრულფასოვანი მოცილება არც თუ ისე მარტივად შესასრულებელი ამოცანაა და დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე, შემადგენლობაზე (მიკრობულ თუ მინერალურ კომპოზიციაზე), მომწიფების ხარისხზე, პირის ღრუს ანატომიურ თავისებურებებზე, მანუალურ ჩვევებსა ან წმენდის დროს გამოყენებული მექანიკური თუ ქიმიური საშუალებების ტიპზე. პაროდონტოლოგიური მკურნალობის მეთოდების სიმრავლის მიუხედავად, პრაქტიკულად შეუძლებელია პაციენტმა თავად მოახდინოს პირის ღრუში  ბაქტერიების სრული ელიმინაცია და, ამავდროულად, გენეტიკური წინასწარგანწყობის შეცვლა.

პაროდონტიტის მკურნალობის ძირითადი მიზანი არის ბაქტერიული ბიოაპკის ელიმინაცია, რისკ-ფაქტორების აღმოფხვრა, რაც კბილის მაგარი და რბილი ნადების მოცილებას, არასრულფასოვანი რესტავრაციების, ანატომიური ფაქტორებისა და ტრავმული ოკლუზიური ძალების კორექციას გულისხმობს. გარდა ამისა, მკურნალობის ეფექტურობა ისეთი რისკ-ფაქტორების კონტროლზეა დამოკიდებული, როგორიცაა სისტემური დაავადებები, მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, კვების თავისებურებები და სხვ.) და სტრესული ფაქტორები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაციენტმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის, მავნე ჩვევების და ზოგადი ჯანმრთელობის მართვის მიმართ.

კვლევების თანახმად, პაციენტის მიერ პაროდონტოლოგის რეკომენდაციების შესრულება (პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, პაროდონტოლოგთან ვიზიტები შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარების მიზნით და სხვ.) ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ეფექტიანი პაროდონტოლოგიური მკურნალობა. პაციენტის დამოკიდებულების შეცვლა პირის ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის ან მათი მოვლის მიმართ, მხოლოდ პაციენტის მოტივაციის გზითაა შესაძლებელი ანუ მას უნდა ჰქონდეს სურვილი შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები; ამიტომ მკურნალობის პირველ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს, სწორედ პაციენტის მოტივირება წარმოადგენს. სიტყვა „მოტივაცია“ ლათინური ენიდან მომდინარეობს, რაც მიზნისკენ სწრაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. პაციენტის მოტივირება და შედეგად, წარმატებული მკურნალობა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ:

  1. პაციენტი აცნობიერებს დაავადებას, მის გამომწვევ მიზეზებს; იცის, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადების პროგრესირებას და რამდენად დიდია კბილების დაკარგვის ალბათობა.
  2. სურს უარი თქვას მავნე ჩვევებზე (მაგ. თამბაქოს მოხმარება) და გააკონტროლოს სისტემური დაავადებები ან მდგომარეობები, რომლებიც პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას (მაგ. შაქრიანი დიაბეტის კონტროლი).
  3. ცდილობს განავითაროს ის მანუალური უნარ-ჩვევები, რომლებიც პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის ოპტიმალური დონის დაცვაში დაეხმარება.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პაციენტს განათლებატერმინი ‘განათლება’ სისტემურ ქმედებათა პროცესს გულისხმობს, რომელიც მიმართულია ადამიანის ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევების განვითარებისკენ; აქვე მინდ გითხრათ, რომ განათლებაში შედეგიც იგულისხმება. ამიტომ იმისათვის, რომ პაციენტის მოტივაცია ეფექტიანი იყოს, მან ქცევა უნდა შეცვალოს, რაც მხოლოდ ცოდნის მიღებითაა შესაძლებელი.

პაციენტის პირველი ვიზიტი მხოლოდ გამოკვლევის და დაავადების ფორმის თუ სიმძიმის დიაგნოსტირებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული, მას აუცილებლად უნდა განემარტოს დაავადების განვითარების მიზეზი, თანამშრომლობის როლი პაროდონტის ანთებითი დაავადებების მკურნალობის ეფექტურობაში და დაავადების რეციდივის განვითარების პროფილაქტიკაში.

ქცევის ცვლილება არის პროცესი და არა მოვლენა, ის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. წარმატებული კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი პოზიტიურ ქცევაზე და შესაძლებლობებზე გაკეთდეს. დაუშვებელია პაციენტის ან მისი ქცევის გაკრიტიკება, არასასურველ ქცევაზე აქცენტირება. ექიმის კომუნიკაცია მიმართული უნდა იყოს პრობლემის და არა პირის წინააღმდეგ.

პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ბაქტერიული ბიოაპკის აკუმულაცია წარმოადგენს, ამიტომ პაციენტს უნდა განემარტოს, რომ მისი ყოველდღიური ქმედებები (ყოველდღიურად კბილების ეფექტური ხეხვა ჯაგრისის ან კბილთაშორისი საშუალებების გამოყენებით, მავნე ჩვევების დაძლევა და სხვ.) პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკაში ჩატარებული მკურნალობა. პაციენტმა უნდა გაითავისოს აზრი, რომ იგი პრაქტიკულად მისი დაავადების „თანამკურნალია“.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პაციენტის ხასიათი თუ ცხოვრების წესი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ექიმის მასთან დიალოგიც მაქსიმალურად პერსონალიზებული და პაციენტის „ძირითად ჩივილზე“, ხასიათსა ან ცხოვრების წესზე უნდა იყოს მორგებული; თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვაც პირველ ვიზიტზე მნიშვნელოვანია:

  • იყავით აქტიური მსმენელი. დაამყარეთ თვალით კონტაქტი. დაეთანხმეთ, თავი დაუქნიეთ ან პერიოდულად უთხარით: „მესმის“, რათა პაციენტს ჰქონდეს განცდა, რომ მის გრძნობებს იზიარებთ. ეცადეთ, არ შეაწყვეტინოთ და დაასრულებინოთ მოყოლის პროცესი. არ შეეცადოთ მის მაგივრად ლაპარაკს.
  • ზუსტად განუმარტეთ პაციენტს დაავადება. მაგ.: „თქვენ გაქვთ პაროდონტიტი“. შემდეგ კარგად აუხსენით თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება.
  • მოერიდეთ ბუნდოვან ფრაზებს. მაგ.: „თქვენ გაქვთ ღრძილების პრობლემა“ ან „რაღაც უნდა გავუკეთოთ თქვენს ღრძილებს“. პაციენტი ამ დროს ვერ აღიქვამს ამ ფრაზების მნიშვნელობას და ახდენს ინფორმაციის იგნორირებას.
  • დაიწყეთ საუბარი პოზიტიური ინფორმაციით. ჯერ ისაუბრეთ იმ კბილებზე, რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელიაარ დაიწყოთ საუბარი ფრაზით „უნდა მოხდეს ამ კბილების ექსტრაქცია“. აღნიშნული ნეგატიურ განწყობას ქმნის და უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში აგდებს პაციენტს. უთხარით მას, რომ გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ შეუნარჩუნოთ მაქსიმალური რაოდენობის კბილები შესაძლებლობის ფარგლებში. ხაზი გაუსვით იმას, რომ პაროდონტოლოგიური მკურნალობის მიზანია სხვა კბილების დაკარგვის პროფილაქტიკა.
  • მკურნალობის ეტაპები წარმოადგინეთ როგორც ერთი მთლიანი გეგმა. პაციენტმა არ უნდა ჩათვალოს, რომ მკურნალობის ეტაპები სხვადასხვა პროცედურას წარმოადგენს, რომელთაგან მას შეუძლია პროცედურის არჩევა ან უარის თქმა. განუმარტეთ, რომ მაგალითად, გადმოკიდებული რესტავრაციების კორექცია ანუ ბაქტერიული ბიოაპკის სარეტენციო პუნქტების ელიმინაცია თუ ორთოპედიული კონსტრუქციების გაკეთება, ღეჭვითი ფუნქციის და კბილების სწორი დატვირთვისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი საფეხურია, როგორც ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა. დაუშვებელია ფრაზის წარმოთქმა: „ჯერ ჩაიტარეთ ღრძილების მკურნალობა და მერე ჩაიტარეთ რესტავრაციების კორექცია“, თითქოს ეს ორი პროცედურა ერთმანეთთან არ იყოს დაკავშირებული.
  • დასვით კითხვები. პაციენტს დაუსვით შეკითხვები, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად აღიქვა თქვენი კონსულტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპლექსური მკურნალობის გეგმას სახავთ.
  • მოერიდეთ პროფესიულ ტერმინებს. მკურნალობის გეგმის შედგენისას, ნაცვლად პროფესიული ტემინებისა, გამოიყენეთ პაციენტისთვის გასაგები სიტყვები.
  • გამოიყენეთ ვიზუალური მასალა. პაციენტის განათლებისა და მოტივირებისთვის გამოიყენეთ ვიზუალური მასალა, როგორიცაა დაავადების ამსახველი მოდელები ან ფოტოები, ძალზედ ეფექტურია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობის ამსახველი ფოტოების მასთან განხილვა. პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის წესების ახსნისას, მნიშვნელოვანია სახლში გამოსაყენებელი საშუალებების ჩვენება და მათი გამოყენების თავისებურებების დეტალური ახსნა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პაროდონტოლოგის წინაშე დგას – პაციენტის მიერ რეკომენდაციების შესრულების ან დაცვის ხანგრძლივობაამკურნალობა ვერასდროს იქნება ეფექტიანი, თუ აქტიური მკურნალობის ფაზის დასრულების შემდეგ, პაციენტი ექიმის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაციაზე მუშაობა მისი ყოველი ვიზიტის დროს და პაციენტის მოტივირების ზოგადი პრინციპების ცოდნა.

და ბოლოს, პაროდონტოლოგიური მკურნალობის წარუმატებლობის უმეტესი ნაწილი პაციენტის მიერ რეკომენდაციების დაცვის უგულვებელყოფითაა განპირობებული, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ცოდნის, პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის დაცვის უნარ-ჩვევების ან მოტივაციის ნაკლებობას. აქედან გამომდინარე, პაციენტების მუდმივი განათლება და მოტივირება პაროდონტოლოგიური მკურნალობის წარმატების გარანტიაა.

ქეთევან გოგილაშვილი
ქეთევან გოგილაშვილი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი