NCDC-ს საქართველოში B და C ჰეპატიტის გავრცელება სტომატოლოგებს შორის და ინფექციების შესახებ ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება

2015 წლის აპრილში საქართველომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს C ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკას  და მკურნალობას. აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო შესაძლებლობას, ქვეყანაში დაიწყოს შესაბამისი აქტივობები  B ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებითაც.

საავადმყოფოსთან ასოცირებული B და C ჰეპატიტების გადაცემა კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. სამედიცინო პერსონალს, მათ შორის სტომატოლოგებს,  აქვთ დაინფიცირების მაღალი რისკი. 2023 წლის აპრილის თვეში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩატარდება B და C ჰეპატიტის გავრცელების, ინფორმირების და დამოკიდებულების კვლევა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მოგმართავთ თხოვნით, ხელი შეიწყოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აღნიშნული კვლევის ჩატარებაში. იმ კლინიკებს, ვინც შერჩეულ ერთობლიობაში მოხვდებიან, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ოფისიდან წინასწარ დაგიკავშირდებიან. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

კვლევის მიზანი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სტომატოლოგებსა და  სტომატოლოგიის დარგის სპეციალისტებს შორის B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და ინფექციების შესახებ ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასებას.

კვლევის პოპულაცია

კვლევის პოპულაცია მოიცავს სტომატოლოგებსა და  სტომატოლოგიის დარგის სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ შემთხვევით შენარჩევ კლინიკებში საქართველოს 5 ქალაქში –  თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და თელავი. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 510 პირი.

ნიმუშების შეგროვება

კვლევაში მონაწილეობს 5 ჯგუფი. თითოეული ჯგუფში შედის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგი და  ფლებოტომისტი. ეპიდემიოლოგი ჩაატარებს ინტერვიუს კითხვარის საშუალებით, რომელსაც სჭირდება 25-30 წუთი,  ფლებოტომისტი აიღებს დაახლოებით 5 მლ ვენურ სისხლს. სადიაგნოსტიკო ტესტირებები ჩატარდება ლუგარის ლაბორატორიაში.

კონფიდენციალობა

კონფიდენციალობის მაღალი დონე მკაცრად იქნება დაცული კვლევის დროს.

შედეგების შეტყობინება

კვლევის მონაწილეებისთვის ტესტირების შედეგები ცნობილი გახდება სისხლის აღებიდან 1 თვის განმავლობაში.  ტესტირებულ პირებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიეწოდებათ  ტესტის უარყოფითი შედეგები,  დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ეპიდემიოლოგი  ჩაატარებს სატელეფონო კონსულტაციას.