ბლოგის პირველ ნაწილში (იხ. ბმული: https://gsa.ge/halitosis/) პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნის, ე.წ. ჰალიტოზის ფორმებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრეთ. დღეს მოგიყვებით იმ საშუალებებზე, რომლებმაც შეიძლება ამ მდგომარეობის აღმოფხრას შეუწყოს ხელი. პირველ რიგში, უნდა შევეხოთ პირის ღრუში არსებული ნუტრიენტების და მიკროორგანიზმების მექანიკური შემცირების საკითხს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ცუდი სუნის გამომწვევი მიზეზების დაახლოებით 95% სწორედ პირის ღრუშია. ამ ფაქტორებიდან, ყველაზე ხშირ და ძირითად მიზეზს, ენაზე არსებული ნადები წარმოადგენს. ენა პირის ღრუს ერთადერთი ორგანოა, და ის რთული აგებულებისაა, მისი ზედაპირი ხორკლიანია, განსაკუთრებით ენის შიგნითა ზედაპირზე დვრილების სახითაა გამოვლენილი. სწორედ ამ დვრილების დამსახურებაა ის, რომ ენის უკანა ზედაპირზე ილექება პირის ღრუს ჩამოფცქვნილი ეპითელიუმი, საკვების ნარჩენები, ცხვირიდან ჩამონაჟონი, ნერწყვი შემადგენელი ბლანტი ნივთიერებები. ენის ზედაპირზე არსებული ბაქტერიების დიდი რაოდენობით აკუმულაცია მისი წმენდის აუცილებლობაზე მიუთითებს. კვლევებით დადგენილია, რომ ენის წმენდა მნიშვნელოვნად ამცირებს ორივეს, როგორც ენის ნადების მოცულობას (მაშასადამე, ბაქტერიულ ნუტრიენტებს), ისე ბაქტერიების რაოდენობას და შესაბამისად, უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.
ენის წმენდა ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით არის შესაძლებელი, თუმცა ჩამოყალიბებული, კარგად ფორმირებული ნადების შემთხვევაში, უმჯობესია სპეციალური ენის საწმენდის გამოყენება – კვლევებით დადგენილია, რომ ის 75%-ით ამცირებს ჰალიტოზის დონეს ერთი კვირის განმავლობაში. რბილი ქსოვილების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით წმენდა ნაზი, მსუბუქი მოძრაობებით უნდა მოხდეს. ვინაიდან ენის უკანა ნაწილში ნადები ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება, წმენდითი პროცედურების განხორციელება სწორედ ამ სივრცეშია მიზანშეწონილი. წმენდის პროცესში ხშირად ადგილი აქვს ღებინების რეფლექსს, განსაკუთრებით ჯაგრისის გამოყენების დროს, თუმცა დროთა განმავლობაში, მისი რეგულარული ხმარებისას რეფლექსი ქრება; აღნიშნული პროცედურის გამარტივება შესაძლებელია დოლბანდით ენის გამოწევით. ენის ჰიგიენა ხელს უწყობს გემოვნების შეგრძნების გაუმჯობესებასაც.
კბილთაშორისი სივრცის წმენდა და კბილების გამოხეხვა ნადების კონტროლის ძირითად მექანიკურ საშუალებებს წარმოადგენს; ორივე მათგანი აცილებს საკვების ნარჩენებს და ლპობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. კლინიკური კვლევების თანახმად, გოგირდის აქროლადი ნაერთების კონცენტრაციაზე, დამოუკიდებლად კბილის ჯაგრისის მექანიკურ მოძრაობებს არსებითი გავლენა არ გააჩნია. ჩატარებული მოკლევადიანი კვლევების შედეგებით, ნატრიუმის მონოფტორფოსფატის შემცველი კბილის პასტის გამოყენებამ უსიამოვნო სუნზე ხანმოკლე მოქმედება გამოავლინა; თუმცა ენის წმენდასთან ერთად კომბინაციაში, გოგირდის აქროლადი ნაერთების კონცენტრაცია მცირდება.
პაროდონტიტის შედეგად ჩამოყალიბებული ჰალიტოზის დროს, პროფესიული პაროდონტოლოგიური მკურნალობა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. პირის ღრუს ერთეტაპიანი მთელი პირის ღრუს დეზინფექციის შედეგად, რაც მოიცავს ნადების პროფესიულ მექანიკური მოცილებასა და ღრძილქვეშა ინსტრუმენტირებას ქლორჰექსიდინის გამოყენებით, უსიამოვნო სუნის ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება.
საღეჭი რეზინი უსიამოვნო სუნზე გავლენას დროებით, ნერწყვდენის სტიმულაციის ხარჯზე ახდენს. გამომდინარე იქიდან, რომ ნერწყვის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას მექანიკური წმენდა წარმოადგენს, გასაკვირი არ არის, რომ ნერწყვის გამოყოფის შემცირებას პაციენტებში გოგირდის აქროლადი ნაერთებისა და ენის ნადების უფრო მაღალი მაჩვენებელი ახლავს თან. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საღეჭ რეზინს აქტიური ინგრედიენტების გარეშე ჰალიტოზის შემცირება უმნიშვნელოდ შეუძლია.
გარდა ბაქტერიების მექანიკური მოცილებისა, ძალზედ მნიშვნელოვანია პირის ღრუში არსებული მიკრობების ქიმიური შემცირება. კბილების ხეხვასთან ერთად სავლების გამოყენება პირის ღრუს ჰიგიენის ჩვეულ წესად იქცა. ისინი ანტიმიკრობულ და დამჟანგავ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ფორმირებაზე ახდენს გავლენას. აქტიური ინგრედიენტები, ჩვეულებრივ, ისეთ ანტიბაქტერიულ საშუალებებს მოიცავს, როგორიცაა, მაგალითად, ქლორჰექსიდინი, ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი, ეთერზეთები, ქლორის დიოქსიდი, ტრიკლოზანი, ამინოფტორიდი და კალას ფტორიდი და წყალბადის ზეჟანგი. ზოგიერთ ამ აგენტს პირის ღრუში, მიკრობების საერთო რაოდენობაზე მხოლოდ დროებითი ეფექტი გაჩნია.
პირის ღრუს ქიმიური საშუალებებს დღეს მხოლოდ ჰალიტოზის ჭრილში განვიხილავ. მაგალითად, ქლორჰექსიდინი. დღესდღეობით, ის ნადების და გინგივიტის საწინააღმდეგო ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანრ საშუალებადაა მიჩნეული. ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტის გამო, ქლორჰექსიდინის შემცველი სავლებები მნიშვნელოვნად ამცირებს გოგირდის აქროლადი ნაერთების დონეს და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს პირის ღრუში.
ქლორჰექსიდინით პირის ღრუს ირიგაცია კბილების და ენის წმენდასთან კომბინაციაში, მნიშვნელოვნად ამცირებს გოგირდის აქროლადი ნაერთების დონეს, პირის ღრუდან და ენიდან კი – უსიამოვნო სუნს; თუმცა, დადებითი თვისებების მიუხედავად, 0.2% ან მეტი კონცენტრაციის ქლორჰექსიდინს გარკვეული უარყოფითი ეფექტები გააჩნია, მაგალითად კბილის მინანქრის და რესტავრაციების ფერის შეცვლა (დისქოლორიტი) და ენის შეღებვა, უსიამოვნო გემო და გემოვნების შეგრძნების დროებითი დაქვეითება. ფერის ცვლილება განპირობებულია საკვებ პროდუქტებში შემავალი საღებავების ქლორჰექსიდინთან ქიმიური კავშირით. ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჰიგიენის წესების სრულფასოვანი დაცვა. მინანქრის ფერის შეცვლის დროს, საკმარისია კბილების გაპრიალება აბრაზიული პასტებით. ასევე, იშვიათად, შეიძლება მოხდეს შავი „თმიანი“ ენის წარმოქმნა და როგორც უკვე აღინიშნა, გემოვნების გაუკუღმართება. აღნიშნული ცვლილებები უკვალოდ გაივლის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში.
ქლორჰექსიდინის გარდა, გამოიყენება ეთერზეთები. ისინი თხევად ჰიგიენურ საშუალებებს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად, სუნისა და გემოს დროებითი კორექციისთვის. მათ არ აქვს გამოხატული სამკურნალო მოქმედება. არსებული კვლევების შეფასებით, ეთერზეთების შემცველი საირიგაციო საშუალებები სუნის წარმომქმნელი ბაქტერიების შემცირებას უწყობს ხელს.
ტრიკლოზანი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული ნივთიერებაა, რომელიც ეფექტურია ორალური ბაქტერიების უმრავლესობის მიმართ და აქვს კარგი შეთავსებადობა პირის ღრუს ჰიგიენისთვის გამოყენებულ სხვა ნივთიერებებთან. ტრიკლოზანის შემცველ სავლებებს აქვს ანტისეპტიკური, დეზოდორაციული (სუნის გამქრობი), ნადებისა და ქვის წარმოქმნის ხელისშემშლელი და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ამინოფტორიდისა და კალას ფტორიდის კომბინაციამ, სხვადასხვა კვლევებით, დილის ჰალიტოზის შემცირება გამოავლინა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ღრუს ჰიგიენა არ არის დამაკმაყოფილებელი. კალას ფტორიდის გამოყენება ერთ-ერთი კომპონენტის სახით ეფექტურია კბილის პასტის შემადგენლობაშიც, ის ამცირებს როგორც გოგირდის აქროლადი ნაერთების დონეს, ასევე ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს პირის ღრუში.
ზემოხსენებული საშუალებების გარდა, არსებობს პრობლემის აღმოსაფხრელად მოწოდებული სხვა საშუალებებიც, რომელთა მოქმედების შესახებ შესაძლოა სხვადასხვა ბლოგში მოგიყვეთ. დღეს კი ძალიან ხშირად დასმულ შეკითხვას მინდა ვუპასუხო – შეიძლება თუ არა, უსიამოვნო სუნი სხვადასხვა აეროზოლით, აბებით აღმოვხვრათ. სასიამოვნო გემოს მქონე სავლებების, აეროზოლების და საწუწნი აბების გამოყენებას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი გააჩნია, მაგალითად, პიტნის შემცველი საწუწნი აბები და არომატული სავლებები ანტიბაქტერიული ნივთიერებების გარეშე. ხანმოკლე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია უსიამოვნო სუნის გამომწვევი აგენტების ნერწყვში ხსნადობის მომატებითაც, რისთვისაც ნერწყვის სეკრეციის სტიმულაცია შეიძლება მოვახდინოთ. ნერწყვის დიდი რაოდენობა ხელს უწყობს გოგირდის აქროლადი ნაერთების დიდი მოცულობის გახსნას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია სითხის სათანადო მიღებით ან საღეჭი რეზინის გამოყენებით.
ამრიგად, ჰალიტოზს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები გააჩნია და შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოავლინოს. სწორი დიაგნოზის დადგენა და გამომწვევი მიზეზების პოვნა, სწორი ეტიოლოგიური მკურნალობის დაწყების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ენის ნადები და, შედარებით ნაკლები სიხშირით, პაროდონტიტი და გინგივიტი უსიამოვნო სუნის ყველაზე ხშირ მიზეზებს წარმოადგენს, კლინიცისტს სხვა უფრო მნიშვნელოვანი დაავადებები არ უნდა გამორჩეს. აღნიშნული კი, მულტისციპლინური კონსულტაციებით შეიძლება განხორციელდეს; თუ ეს შეუძლებელია, მიზანშეწონილია ინტრაორალური პათოლოგიური პროცესების აღმოფხვრა და პირის ღრუს მოვლის ჰალიტოზის საწინააღმდეგო საშუალებების დანიშვნა (შესაბამისი სავლებების, ენის საწმენდების და კბილის პასტების გამოყენების ჩათვლით).
ქეთევან გოგილაშვილი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი