რომელი სავლები გამოვიყენოთ კბილის ექსტრაქციის შემდეგ?

კბილის ექსტრაქციის შემდეგ პირის ღრუში ჭრილობა რჩება და დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, მისი მოვლა აუცილებელია. ეს პირველ რიგში ანტისეპტიკური სავლების გამოყენებას გულისხმობს. დაუშვებელია ჭრილობის ანუ კბილბუდის გასუფთავება, ნებისმიერი მეთოდით ამოწმენდა. სწორედ სავლების დანიშნულებაა ხელი შეუშალოს ბაქტერიული ნადების გაჩენას და საკვების ნარჩენების დაგროვებას კბილბუდეში.

ამოღებული კბილის ადგილას რჩება ღრმული ანუ კბილბუდე, რომელსაც ექიმი ასუფთავებს, აშორებს დაზიანებულ ქსოვილებს და ამოწმებს, ხომ არ არის ფესვის ნარჩენი ჭრილობაში. ბუნებრივად დაწყებულ სისხლდენას ექიმი არ აჩერებს. პირიქით, აუცილებელია კბილბუდე სისხლით შეივსოს. შედედების შემდეგ წარმოქმნილი სისხლის კოლტი მთლიანად უნდა ავსებდეს კბილბუდეს, რათა დაიცვას ინფიცირებისგან და მომავალში ძვლოვან ქსოვილად გარდაიქმნას. სავლების ენერგიულად გამოვლების შემთხვევაში, კბილბუდიდან კოლტი ადვილად შეიძლება გამოირეცხოს, შედეგად კი – ალვეოლიტი ანუ კბილბუდის ანთება განვითარდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 24 – 48 საათის განმავლობაში. ამიტომ ამ პერიოდში, სავლების გამოყენება პირის ღრუს აბაზანების სახითაა რეკომენდებული, რაც 1-2 წუთის განმავლობაში მის ჩაგუბებას გულისხმობს.

რა გამოვიყენოთ სავლებად კბილის ამოღების შემდეგ? იდეალურ შემთხვევაში, როცა პირის ღრუს ჰიგიენა მაღალ დონეზეა, არ არის კარიესული და დაზიანებული კბილები, კბილის ამოღება ტრავმის გარეშე ჩატარდა და მისი მიზეზი არ იყო ჩირქოვანი პროცესი, ანუ ერთი სიტყვით, თუ პირის ღრუში ინფექციის წყარო არ აღინიშნება – ანტისეპტიკური სავლები აუცილებლობას არ წარმოადგენს და საკვების ნარჩენების მოშორების მიზნით, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიური (სუფრის მარილის) ხსნარის ან სოდიანი სავლების გამოყენება, მაგრამ ასეთი იდეალური შემთხვევები პრაქტიკულად არ გვხვდება. ამიტომ, როგორც წესი, ანტისეპტიკური სავლები ყოველთვის გართულების თავიდან ასაცილებლად ინიშნება.

გვირილის ან სხვა მცენარის ნაყენი, ამ შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანი არ არის. ასეთ მცენარეულ სავლებებს აქვს დამამშვიდებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, ეპითელიზაციის დამაჩქარებელი მოქმედება, მაგრამ არა ანტისეპტიკური. ისინი ხშირად ეფექტურია სტომატიტის, წყლულების და ლორწოვანი გარსის სხვა სახის დაზიანების შემთხვევაში. პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შემდეგ (ზოგჯერ პროცედურამდეც) კი უმჯობესია სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება. გარდა ამისა, მცენარეულ ნაყენში არსებული ორგანული ნაწილაკები, განსაკუთრებით თუ ის სახლის პირობებში მზადდება, შესაძლოა ჭრილობაში დარჩეს და ინფექციის განვითარების მიზეზი თავად გახდეს.

თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ყველაზე ეფექტიან სავლებად ქლორჰექსიდინის ხსნარი ითვლება. მონაცემების თანახმად, პირის ღრუს პათოგენური ბაქტერიების დიდი ნაწილი მის მიმართ მგრძნობიარეა. გარდა ამისა, ქლორჰექსიდინს სხვა ანტისეპტიკებისაგან განსხვავებით, შეუძლია დარჩეს გარკვეული დროით პირის ღრუს ლორწოვან გარსში და განაგრძოს მოქმედება. სხვადასხვა შემთხვევაში, ქლორჰექსიდინის სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარი ინიშნება – კბილის ნადების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ, პაროდონტის დაავადების მკურნალობის პერიოდში, ღრძილებზე ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციის შემდეგ, კბილის ექსტრაქციის შემდეგ, იმპლანტაციამდე და იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში და სხვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქლორჰექსიდინი ძლიერი ანტისეპტიკია. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კონცენტრაციის და გამოყენების რეჟიმის შერჩევა. ამიტომ ის აუცილებლად სტომატოლოგის მიერ უნდა დაინიშნოს.