რამდენად მავნეა კბილებისთვის ენერგეტიკული სასმელები?

ენერგეტიკული სასმელების რეგულარული გამოყენება სულ უფრო მეტად მკვიდრდება საზოგადეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში. მაგრამ ბევრისთვის არ არის ცნობილი, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ისინი კბილებისთვის.

ბოლო წლებში, ენერგეტიკული სასმელები განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენ ახალგაზრდებში. სპორტსმენები თვლიან, რომ გარდა ფიზიკური ეფექტისა, ისინი უფრო „ჯანმრთელია“ კოკა-კოლა და სხვა გაზიან სასმელებთან შედარებით. ამიტომ ხშირად ჩაანაცვლებენ მათ ენერგეტიკული სასმელებით. ფაქტობრივად კი, ასეთი ტიპის სასმელები 3-ჯერ მეტად აზიანებს კბილის მინანქარს, ვიდრე ჩვეულებრივი გაზიანი.

რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ენერგეტიკულ სასმელს განსაკუთრებით მაღალი მჟავიანობა გააჩნია. მძიმე სამუშაო დღისა და დაძაბული რეჟიმის განმავლობაში, ზოგჯერ შეიძლება ტონუსის მოსამატებლად კარგი საშუალებაც იყოს, მაგრამ ყოველდღიურად თითო ან მეტი ენერგეტიკული სასმელის მიღება, თქვენს კბილებს საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად დააზიანებს.

სპორტული და ენერგეტიკული სასმელები იმ მიზნით შეიქმნა, რომ უზრუნველყოს ორგანიზმის ჰიდრატაცია და მისცეს მას ენერგია ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკური დატვირთვისას ეფექტურია, არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელებით წყლის ჩანაცვლება და თუნდაც ყოველდღიური გამოყენება. ასეთი სასმელის რეგულარული მიღება, მაღალი მჟავიანობის გამო – ასუსტებს კბილების მფარავ მინანქარს, ათხელებს მას, ზრდის კარიესების გაჩენის შანსს, იწვევს კბილების ფერის შეცვლას და მგრძნობელობის მომატებას.

ენერგეტიკული სასმელები ორმაგად მავნებელია მათში შაქრის შემცველობის შემთხვევაში. მჟავა და შაქარი – მსუბუქად რომ ვთქვათ, ყველაზე არასასურველი კომბინაციაა კბილებისთვის. მაშინ როდესაც მჟავა ასუსტებს მინანქარს, შაქარი კვებავს კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს. ენერგეტიკული სასმელების დიდი ნაწილი შეიცავს შაქარს, თუმცა არსებობს უშაქრო ვარიანტებიც, მაგრამ მჟავიანობის დონე მათში ერთნაირად მაღალია.

თუ სპორტული და ენერგეტიკული სასმელების მომხმარებელი ხართ, ჩვენი რჩევები მათ უსაფრთხო გამოყენებასა და თქვენი ჯანმრთელობის დაცვაში დაგეხმარებათ:

1. ნუ გადააქცევთ წესად მათ ყოველდღიურ მიღებას. გამოიყენეთ მხოლოდ ინტენსიური ვარჯიშის დღეებში.

2. დალიეთ ერთბაშად და არა პორციებად დღის განმავლობაში.

3. დალევის შემდეგ პირის ღრუში წყალი გამოივლეთ და უშაქრო საღეჭი რეზინი დაღეჭეთ. ეს უკანასკნელი ნერწყვის გამოყოფას გააძლიერებს და პირის ღრუში მჟავის განეიტრალებას შეუწყობს ხელს.