2 ოქტომბერს! ახალი სახელმძღვანელო – რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა.

ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას.

აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის ოპტიმიზაციისთვის.

ნაშრომი აერთიანებს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის, რადიაციული დაცვის ევროპის კომისიის, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის, რადიაციული დაცვის საერთაშორისო კომისიის, ირლანდიის რადიაციული დაცვის ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ დადგენილებებს და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიულ დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სახელმძღვანელო კარგი დამხმარე იქნება სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯერებისთვის, რადიაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისა და რენტგენო-ლაბორანტებისთვის.

სახელმძღვანელოს პრეზენტაცია 2 ოქტომბერს, 19 საათზე სტომატოლოგიის ცენტრში “ალბიუსი” და 25 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია”, მესამე პავილიონში შედგება.